პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, გლობალური პანდემიის დასასრულებლად 14 მილიარდი ევრო გამოყონ, რომლითაც პანდემიასთან ბრძოლის გეგმა დაფინანსდება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„მეცნიერებამ მოგვცა ინსტრუმენტები COVID-19-თან საბრძოლველად; თუ ეს ინსტრუმენტები გლობალურად გაზიარდება, ჩვენ შეგვიძლია, წელს COVID-19, როგორც ჯანმრთელობის გლობალური საგანგებო მდგომარეობა, დავასრულოთ. ამისთვის მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა რიგი ხარჯები უნდა დაფარონ, რაც ღირსეულ პარტნიორობად შეფასდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების მხრიდან, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია, კოვიდტესტირებები სათანადოდ ვერ ტარდება და მედიკამენტების დეფიციტი არსებობს“, – განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, ACT-A accelerator-ი, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ინსტრუმენტებზე წვდომისთვის შეიქმნა, საერთაშორისო ჯანდაცვის სააგენტოების, მსოფლიო ბანკის და ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ ფინანსდება. ჯანმო-ს ხელმძღვანელობით, ის პასუხისმგებელია განვითარებად ქვეყნებში Covid 19-თან ბრძოლის ინსტრუმენტებზე წვდომის დაჩქარებაზე. მისი ერთ-ერთი კომპონენტია COVAX სისტემა, რომელიც შეიქმნა პანდემიის დაწყებისას, რათა უზრუნველყოს ვაქცინების თანაბარი წვდომა მთელი მსოფლიოსთვის.

„ევრონიუსის“ ცნობით, 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ACT-A-ს გაშვებას დაახლოებით 20,5 მილიარდი ევრო დასჭირდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 700 მილიონი ევროა მოზიდული.

 

bm.ge