უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ “პერფომანსს“ გამოეხმაურნენ.
როგორც ცნობილია, სასამართლო სხდომის დროს განსასჯელ-ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გისოსებს მიღმა უკრაინის დროშა გამოფინა და ქვეყნის ჰიმნის მღერა დაიწყო.
უკრაინულმა გამოცემამ “ობოზრევატელმა“ (Обозреватель) ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მიხეილ სააკაშვილს – უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს – ქვეყნის სახელმწიფო დროშა არასწორად, უკუღმა ეჭირა და ჰიმნს ისე მღეროდა.
“სასამართლოს სხდომა უკრაინის ჰიმნით დაიწყო, რომელიც პოლიტიკოსმა თავის ადვოკატებთან და დარბაზში შეკრებილ მომხრეებთან ერთად შეასრულა. ბრალდებულმა უკრაინის დროშაც გაშალა, ფურცელზე დაწერილი ჰიმნის ტექსტით, მაგრამ კონფუზურ სიტუაციაში ჩავარდა: სასაცილო მდგომარეობა გამოიწვია იმან, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფო სიმბოლო გადაბრუნებული ეჭირა – დროშის ზედა მხარე, ყვითელი ფერის ნაცვლად, ცისფერი უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნავს “ობოზრევატელი“. წყარო
მიხეილ სააკაშვილის ქცევას გამოეხმაურა კიდევ ერთი უკრაინული გამოცემა – “გოლოს პრავდი“ (“Голос Правды”), რომელშიც გამოქვეყნებულია ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის არტემ ნიკიფოროვის კომენტარი:
“მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში უკრაინის ჰიმნი იმღერა. თუმცა ამას მღერასაც ვერ ვუწოდებთ, რადგან მას ხელში ფურცელი ეჭირა და შეცდომებით კითხულობდა.
სასაცილოც არის და სატირელიც ერთდროულად. ალბათ, საქართველოში ჩასვლის წინ, ვიღაცამ მას გარანტია მისცა – თუ დაგიჭერენ, სწრაფად გაგათავისუფლებთო, მაგრამ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა სიფხიზლე მოადუნა ან გუმანმა უმტყუნა. ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტი უკრაინის ჰიმნს “მღერის“, იმაზე მეტყველებს, რომ მან გააცნობიერა თავისი “ქართული ეპოპეის“ გამოუვალი და უშედეგო მდგომარეობა.
აი, ასე მთავრდება ხოლმე საერთაშორისო გასტროლიორების პოლიტიკური გზები – როცა შენ არც აქ და არც იქ, არავის არ სჭირდები… საერთოდ კი, რა თქმა უნდა, საპყრობილეში მოხვედრა არავისთვის სასურველი არ არის“.