19 968 ახალი შემთხვევა და 55 გარდაცვლილი – 11 თებერვლის სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ქვეყანა ჯერ კიდევ პიკის ფაზაშია.
თსსუ-ს პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მიუხედავად “ომიკრონის” მსუბუქი მიმდინარეობისა მაინც რჩება რისკჯგუფები, რომლებმაც განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
“დაავადების მიმდინარეობის მიხედვით “ომიკრონი” “დელტა” შტამთან შედარებით ნაკლებად მძიმეა, ნაკლებად საჭიროებენ პაციენტები ჰოსპიტალიზაციას, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ “ომიკრონი” შევაფასოთ, როგორც – არაუშავს მსუბუქია და ყველა შემთხვევაში კარგად დამთავრდება, ნამდვილად არ არის ასე გარკვეული რისკჯგუფებისთვის. ესენი არიან, არავაქცინირებულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, 65 წელს გადაცილებული პირები და წლამდე ასაკის ბავშვები,”-აცხადებს ივანე ჩხაიძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე კი ამბობს, რომ ქვეყანაში 90% “ომიკრონი” ცირკულირებს.
“ქვეყანაში 90%-ზე მეტი დადასტურებული “ომიკრონი” ცირკულირებს. ფილტვების დაზიანება შედარებით უფრო ნაკლებად ხდება და გამოხატულია სხვა ტიპის სიმპტომებით,”-აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.
შეგახსენებთ: ქვეყანაში ახალი იზოლაციის ვადები მოქმედებს, უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა ერთით, სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის კი სამი დღით შემცირდა.
“რუსთავი2”