ნაციონალური მოძრაობა” დეპრესიულ მდგომარეობაშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” დეპრესიულ მდგომარეობაშია.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “postv”-ის ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილი არის “ნაცმოძრაობის” თავდასხმის მთავარი ობიექტი გასაგები მიზეზების გამო.

„მან შეძლო ის, რაც ვერ ხერხდებოდა წლების მანძილზე და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში. მან ჩამოაშორა ქვეყანას აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობა მთლიანად ძალადობასა და აგრესიაზე იყო დაფუძნებული. ეს ვერ უპატიებიათ დღემდე ბიძინა ივანიშვილისთვის, თუმცა აქ არის ერთი ემოციური მომენტი: შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და არავის ეგონა, ოპოზიციის წინა ფიასკოების გათვალისწინებით, რომ ერთ წელიწადში ის მოიგებდა არჩევნებს. თანაც ბევრს სჯეროდა, რომ სააკაშვილი, ბოკერია და ვიღაცები იყვნენ გროსმაისტერები, გენიოსები პოლიტიკაში. უცებ შემოვიდა გროსმაისტერი და აჩვენა, რომ ესენი მეორე თანრიგოსნები არიან იმ ჭადრაკში, რასაც პოლიტიკა ჰქვია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მთავარი ღერძი დემოკრატიული სისტემის არის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მათ იციან, სად არის ძალა ამ დემოკრატიული სისტემის, ამიტომ თავდასხმის ობიექტი სწორად ჰყავთ შერჩეული.

„თუმცა, როგორც მაშინ ვერაფერი დააკლეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ვერც შემდგომი 7 წელი, ვერც მომავალში დაკლებენ ვერაფერს, რადგან ეს არის კლასიკა: სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

“აიპრესი”