რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს დროში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ განკარგულების ხელმოწერას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ვლადიმირ პუტინმა ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის შედეგების შესახებ, რომელზეც განიხილებოდა დონბასის გარშემო არსებული სიტუაცია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების საკითხზე სახელმწიფო დუმის დადგენილების კონტექტსში.
დღესვე შემოვიდა მიმართვები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელობისგან მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ უკრაინის ხელისუფლების სამხედრო აგრესიასთან, დონბასის ტერიტორიის მიმართულებით მასიური ცეცხლთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ზარალდება სამოქალაქო მოსახლეობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში გეგმავს, ხელი მოაწეროს შესაბამის განკარგულებას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოვლენების ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს. ამავე დროს, მათ კონტაქტების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.