თეთრი სახლი ეხმაურება ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა უკრაინის რეგიონები დონეცკი და ლუჰანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის პრესოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:
„ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთის მხრიდან და მზად ვართ სასწრაფოდ ვუპასუხოთ. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც კრძალავს აშშ-ის მიერ ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას უკრაინის დონბასის და ლუჰანსკის რეგიონში.
პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება გავრცელდება ყველა იმ პირსა თუ კომპანიაზე, რომლებიც უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას გადაწყვეტს. სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში გაავრცელებენ დამატებით დეტალებს. ასევე მალე გავავრცელებთ ინფორმაციას დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იქნება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან.
გასაგებად რომ ვთქვათ: ეს ზომები განცალკევებულია იმ სწრაფი და მძიმე ეკონომიკური სანქციებისგან, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. მათ შორის – უკრაინასთან, შემდგომი ნაბიჯების თაობაზე და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ესკალაციის შესახებ,“- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ის უკვე ესაუბრა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. სატელეფონო საუბარი ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ გაიმართა, რაც პუტინმა დონეცკი და ლუჰანსკი დამოუკიდებელ სახლემწიფოებად გამოაცხადა.
წყარო – ამერიკის ხმა