ნანუკა ჟორჟოლიანი აგრძელებს 14 წლის ბავშვის უფლებების დასაცავად ბრძოლას, რომელიც საკუთარი სახლის ეზოდან ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს. ამის შესახებ სოფელში ყველამ იცის, მათ შორის – პოლიციამაც, მაგრამ ყველა დუმს, არაფერს აკეთებს.
,,ნანუკას შოუში” ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედალი ყვება, რომ, როცა პოლიციას მიაკითხა, რათა გაეგო, რას აკეთებენ ამ საქმესთან დაკავშირებით, პასუხის ნაცვლად, შეაგინეს და გინებით კარი დაუხურეს. მისივე თქმით, ბოლო დროს გატაცებულ გოგონებზე მოიგონეს კარგი მიზეზი, რომ თითქოს ბავშვები სტუმრად არიან იმ სახლებში.
-ბიჭის მხარე გვეუბნება, შეეშვით ამ საქმეს, თორემ თავი გეტკინებათო. პოლიციაში მითხრეს, გოგო მოვიყვანეთ აქ და განაცხადა, რომ თავისი ნებით გაჰყვაო. მე ექსპერტიზა მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, ბებიას ამის მოთხოვნის უფლება არ გაქვსო. ჩემი შვილიშვილი სექტემბრიდან სკოლაში არ დადიოდა, რადგან ეშინოდა, ამ ბიჭს არ გაეტაცა. ჩემს შვილიშვილს გათხოვება არ უნდოდა, – ყვება ,,ნანუკას შოუში” გოგონას ბებია.
დღევანდელი გადაცემის ანონსში ჩანს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს, გოგონას ფოტოები გააკრას პოლიციის შენობაზე, მაგრამ მასთან მიდის პოლიციელი და უხეშად აშორებს იქაურობას.
-ხელი აღარ მკრა! – აფრთხილებს ნანუკა პოლიციელს.
გოგონა უკვე ორ თვეზე მეტია, გადამალული ჰყავთ.