სააკაშვილს აქვს პრობლემები ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ პარტიის შიგნით და შიმშილობის გამოცხადებით ცდილობს პარტიის შიგნით ერთიანობა შეინარჩუნოს, თუმცა პროცესი, რასაც საზოგადოება აკვირდება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის შეუქცევადი, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, პატიმრობაში ყოფნის დროს ყოფილმა პრეზიდენტმა 600-ზე მეტი მნახველი და არაერთი ექიმის კონსულტაცია მიიღო, რაც აჩვენებს, რომ მისი როგორც პატიმრის უფლებები დაცულია.
„მესმის, რომ მას აქვს პრობლემები ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ პარტიის შიგნით და ცდილობს ემოციური ნაბიჯებით თუ შიმშილობის გამოცხადებით პარტიის შიგნით ერთიანობა შეინარჩუნოს, თუმცა პროცესი, რასაც საზოგადოება აკვირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის შეუქცევადი. დესტრუქციული, რადიკალური დღის წესრიგის პარტია, რომელიც არაერთხელ დამარცხდა არჩევნებში, სხვას არ უნდა ელოდოს. სააკაშვილი ბლოკავს პარტიის შიგნით განახლებას, ხელს უშლის ოპოზიციურ სპექტრს მთლიანად განვითარებაში. ამას ცდილობდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, მაგრამ ვერ მიაღწია, ეს გეგმა არის გაკოტრებული, ეს გეგმა ჩავარდა. ის ვერ შეცვლის საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ ნაბიჯებით, რომელსაც მიმართავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
“იმედინიუსი”