თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსული VTB ბანკის მიმართ საქართველოში კლიენტებს პრობლემას არ შეუქმნის, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. მიმდინარე წლის 24 თებერვლის დილის 6 საათზე რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბანკები Sberbank, VTB, Sovcombank, Novikombank, Otkritie Bank, Promsvyazbank უცხო სახელმწიფოების სანქციების ქვეშ მოექცა.
„პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, VTB ბანკიც და საქართველოს ეროვნული ბანკიც სრულ მზადყოფნაშია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, აღინიშნა, რომ VTB ბანკი საქართველოში არის გადახდისუნარიანი და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული.
სანქციები ითვალისწინებს შეზღუდვას ოპერაციებზე დოლარში, ევროში, ფუნტ სტერლინგში და სხვა ვალუტაში. შეზღუდვები 26 მარტიდან ამოქმედდება.
ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი განაგრძობს მუშაობას ამ შეზღუდვების პირობებში. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში კი საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსები.