“თურმე როგორ ვცდებოდი: აფხაზეთის ომის ვეტერანმა, სამი შვილის მამამ, თავზე ხელი ავიღე, ცხინვალში ჩამოვაღწიე და იქედან საქვეყნოდ ტყვე გიწოდე…” 

ვაჟა გაფრინდაშვილო, ცხინვალის „ეპოპეის“ შემდეგ მორატორიუმი დავუწესე ჩემს თავს, რათა აუგი არ დამცდენოდა შენზე.

ახლა გიყურებ, კანცელარიასთან მდგარი “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდებს როგორ სჯობნი ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებში, ხოლო ზომიერი განცხადებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მოღალატეს როგორ უწოდებ და გადადგომისაკენ მოუწოდებ.  შენნაირები ყველაფერს აქილიკებთ და უპირისპირდებით, რაც გააზრებულია და რამაც ჩვენი ქვეყანა მოსალოდნელ საფრთხეებს უნდა ააცილოს.

2019 წლის 20 დეკემბერს შენს მხარდასაჭერად ცხინვალში ჩამოვედი. შენ და შენმა ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა, ვლადიმირ ფიდაროვმა, კი მოსამართლეს ღია პროცესი დაახურინეთ, რომ არ დავსწრებოდი. რატომ? იმიტომ, რომ ამით თურმე შენი „პატრონების“ გეგმები ირეოდა, რაც შენმა შემდგომმა „საქციელმა“ ცხადზე ცხადი გახადა.

სიტყვები არ მყოფნის და ახლა საკუთარ თავზე ვბრაზობ. მეგონა, ერთი გულანთებული ექიმის გამოხსნის საქმეში პატარა აგურს ვდებდი, რის გამოც აფხაზეთის ომის ვეტერანმა, სამი შვილის მამამ, თავზე ხელი ავიღე, ცხინვალში ჩამოვაღწიე და იქიდან საქვეყნოდ ტყვე გიწოდე. თურმე როგორ ვცდებოდი.
ექიმო, გამოტყდი ვის დავალებებს ასრულებ?

ბადრი მანჯავიძე, ადვოკატი;  სოციალური ქსელი