რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპიდან ბირთვული იარაღის ამერიკაში დაბრუნების შესახებ მოუწოდა. მისი თქმით, მიუღებელია ბირთვული იარაღის ევროპის ქვეყნებში არსებობა და მასთან დაკავშირებული ყველა ინფრასტრუქტურა უნდა განადგურდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს დააბრუნოს ევროპიდან ბირთვული იარაღი და გაანადგუროს მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფუნდამენტური დებულებების საწინააღმდეგოდ, ევროპის რიგი ქვეყნების ტერიტორიაზე კვლავ არსებობდეს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღი, ერთობლივი ბირთვული პრაქტიკის მანკიერი პრაქტიკა. მისიები ნატოს არაბირთვული ქვეყნების მონაწილეობით გრძელდება. ასეთი მისიების ფარგლებში მუშავდება ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი რუსეთზე“, – განაცხადა ლავროვმა განიარაღების კონფერენციის მონაწილეებისადმი გაკეთებულ ვიდეომიმართვაში.
„დადგა დრო, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დავაბრუნოთ და ევროპაში მასთან ასოცირებული ინფრასტრუქტურა მთლიანად აღმოიფხვრას“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.
პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.
უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.