თბილისის საქალაქო სასამართლო “ლიდერფუდის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც შ.პ.ს „ლიდერფუდის“ საქმეს ეხება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცველელად გთავაზობთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 17 ივნისს, მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და მოსარჩელე ირაკლი დუმბაძის სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, შეწყდა სიძე – სიმამრს შორის დადებული შპს ,,ლიდერი-ფუდის” კაპიტალის 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე აღირიცხა ამავე კომპანიის კაპიტალის 50% წილის მესაკუთრედ. არჩილ კბილაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის დავით ზეიკიძისათვის ჩაბარებას დაადასტურებდა სიმართლეს არ შეესაბამება და არის სიცრუე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი: 2019 წლის 22 მაისს, შპს ,,სკს“-ს კურიერმა მოსარჩელის მიერ გაგზავნილი დოკუმენტები კონვერტით ჩააბარა დავით ზეიკიძის სამუშაო ადგილის მიხედვით უფლებამოსილ პირს, რაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, როგორც თავად კურიერმა, ასევე ოფის-მენეჯერმა. გზავნილის ჩაბარების ფაქტი დასტურდება შპს ,,სკს“-ს ინფორმაციითაც.

აღსანიშნავია, ისიც რომ მოგვიანებით, დავით ზეიკიძემ შეცვალა პოზიცია და აღიარა, რომ მას ჩაბარდა გზავნილი, თუმცა გზავნილი არ იყო სასამართლოს კონვერტი სარჩელით და თანდართული დოკუმენტებით. რა კონვერტი ჩაბარდა, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა და მიუთითა, რომ ის არ შეინახა და დაცვის უფროსმა გადააგდო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2019 წლის 21 მაისს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსადმი მომართული განცხადებით დასტურდება, რომ დავით ზეიკიძისათვის ცნობილი იყო ირაკლი დუმბაძის მიერ მის მიმართ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, იცოდა დავის არსი, საქმის ნომერი, ჩაბარებული ჰქონდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომელზეც მომართა ფორმალური საჩივრით და მიუთითა, რომ სასამართლოს მომართავდა დამატებით და წარმოადგენდა მტკიცებულებებს, თუმცა შემდეგ არც დამატებით წარმოუდგენია რაიმე.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადება არის აშკარად დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი, რომელიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას და შესაბამისად, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ამ საქმის განხილვა მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვუწოდებთ ადვოკატსა და სხვა დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელიც ისედაც სადავოა მხარეების მიერ და იხილება სასამართლოში.

 

 

 

 

“აიპრესი”