ხვალ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. მინისტრი “დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს.
ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გარდა, შეკითხვები 520-ე დადგენილებას და სოციალური მუშაკების გათავისუფლებას შეეხება.
ლევან კობერიძის თქმით, თუ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მივა, ის კანონს დაარღვევს.
“პროცედურის თანახმად, არავითარი ინფორმაცია, შეტყობინება გადავადებაზე ან თხოვნაზე, რომ გადაიწიოს რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, წერილი არ მიგვიღია, არც კომუნიკაცია შემდგარა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის კანონით ვალდებულია, ხვალ მოვიდეს კომიტეტში. დაბარებულია რამდენიმე საკითხზე: მათი აზრით, შემდეგი პროგნოზები რა შეიძლება იყოს, მაგალითისთვის, ის 26 შემთხვეევა, რომელიც დაფიქსირებულია, პანიკის საფუძველი უნდა იყოს, თუ ეს, გარკვეულწილად, რაღაც პროგნოზში ჯდება და ამაში საგანგაშო არაფერია; ამასთან ერთად, არის 520-ე დადგენილება, რომელიც კვლავ ძალაშია და ექიმები შეჩერებას ითხოვენ; არის სოციალური მუშაკების გათავისუფლების საკითხი, რომელსაც ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვა და კორონავირუსის გამო, უბრალოდ, გადავადდა. იმედი მაქვს, მინისტრი თავის ვალდებულებას არა ჩვენ წინაშე, არამედ კანონის წინაშე შეასრულებს და ხვალ მოვა,”- განაცხადა ლევან კობერიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმატში ეწვევა ის პარლამენტს.
“ეს არის მათი საქმე. რეგლამენტის თანახმად, მათ შეუძლიათ მინისტრის დაბარება. ალბათ, იქნება კონსულტაციები მინისტრთან და ამის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება პროცედურასთან დაკავშირებით. მე პირადად, მაქვს საბჭოს ფორმატში ყოველდღიური კომუნიკაცია მინისტრთან, აქედან გამომდინარე, კითხვები არ მაქვს, მაგრამ სხვა დეპუტატებს შეიძლება ჰქონდეთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“კურიერი”