რუსულ ყოველკვირეულ გამოცემა „სტოლიცაში“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან სათაურით „პუტინმა ომი ბაიდენის ნებართვით დაიწყო! ომი გარდაუვალი იყო!“.
– რატომ აჭიანურებდა რუსეთის ჯარი საომარი მოქმედებების დაწყებას?
– ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი ცდილობდა ვლადიმერ ზელენსკისა და დასაველეთის ლიდერებს მოლაპარაკებოდა, მან გაგზავნა კიდეც თხოვნა, რომ ნატო მეტად არ გაფართოებულიყო და უკრაინა წევრად არ მიეღოთ, მაგრამ დასავლეთმა თხოვნა უარყო. საბოლოო ჯამში, ომი დაიწყო. მე ამის თაობაზე საზოგადოებას ადრეც ვაფრთხილებდი. ვლადიმერ პუტინს რომ ომი არ დაეწყო, მასაც და რუსეთის ფედერაციასაც წირვა გამოუვიდოდა, მათი დასასრული დადგებოდა. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი ცუდი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
– უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომში იგი გაიმარჯვებს…
– ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის არმიის მთავარსარდალია და საკუთარ განცხადებაზე თვითონ არის პასუხისმგებელი… ვისთან რით გაიმარჯვებს? თავის ტელეგამოცდილებით? დიახ, მას მხიარული გადაცემა ჰქონდა „95-ე კვარტალი“… პოპულარობა მოიპოვა და მას უკრაინელების 90%-მა მისცა. ეს იყო მხარდაჭერა მშვიდობის დაცვის მიზნით, მან კი თავისი პოლიტიკით უკრაინელი ხალხი ომამდე მიიყვანა. მას რომ ოლიგარქების იგორ კოლომოისკისათვის და რინატ ახმეტოვისთვის არ ესმინა, მათგან ფული არ აეღო და მხოლოდ უკრაინელი ხალხის ნებას დაყრდნობოდა, მოლაპარაკება რომ დაეწყო დონბასელებთან და მინსკის შეთანხმების პირობები შეესრულებინა, საქმე ომამდე არ მივიდოდა და ამდენ ნგრევას და მსხვერპლს თავიდან აიცილებდა.
– ესე იგი თქვენი აზრით, პრობლემა მხოლოდ ვლადიმერ ზელენსკის მიერ გატარებულ პოლიტიკაშია?
– ყველა მსახიობი რონალდ რეიგანის დონის პოლიტიკოსი ვერ გახდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ვლადიმერ ზელენსკი ტალანტური ადამიანია: მის „95-ე კვარტალს ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებდი, მაგრამ ხალხის რეალურ ლიდერად და ხალხის მსახურად ყოფნა სრულიად სხვაა. აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი დიდ პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა. თუმცა თქვენ ნუ იდარდებთ, მას ყველაფერი კარგად ექნება: როგორც ამბობენ, პრეზიდენტს საზღვარგარეთის ბანკებში საკმაოდ მსხვილთანხიანი ანგარიშები აქვს, თანაც ომის ყოველი დღე მას სულ უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად აქცევს…
– რუსული მასმედია იტყობინება, რომ უკრაინის ჯარები მუდმივად უკან იხევენ და პოზიციებს რუსეთის არმიას უთმობენ…
– არ ვიცი, რა ხდება სინამდვილეში, თუმცა არც სამხედრო პროპაგანდისა არ მჯერა. უკრაინას კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ქვეყნის სამხრეთისა და აღმოსავლეთის ოლქების მოსახლეობისაგან, მაგალითად, ხერსონში, ოდესაში, ზაპოროჟიეში მაინცდამაინც დიდი წინააღმდეგობა არ იქნება. მე მგონი უფრო მეტად ბრძოლები იქნება კიევის მისადგომებთან…
– და როგორია აშშ-ის რეაქცია, გაიგზავნება თუ არა ამერიკის ჯარი უკრაინაში?
– საქმე იმაშია, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი ჯო ბაიდენის სანქციით, მისი ნებართვით დაიწყო. ამას მხოლოდ ბრმა ვერ ხედავს. ევროპელებისათვის ეს ომი დიდი პრობლემას წარმოადგენს და ევროკავშირსაც თავისი ბრალი მიუძღვის – ნორმანდიის პროცესში ევროპამ უნებისყოფობა აჩვენა. ჯო ბაიდენს ეს ომი ძალიან აწყობს: მან უკვე საკუთარი პოპულარობის მიზნით უკვე განაცხადა, რომ ამერიკა [თავის შვილებს] საომრად უკვე არსად აღარ გაგზავნის. სიტუაციით კი სარგებლობს ჩინეთი, რომელიც ტაივანის დასაკავებლად ემზადება… ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მსოფლიო ომი იწყება, თუმცა მის შედეგებზე არავინ ფიქრობს.
– ომი ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთის ეკონომიკისათვის…
– ვფიქრობ, ომისგან გამოწვეული პრობლემების გასანეიტრალებლად ხელისუფლება მეტ-ნაკლებად მოემზადა. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ დასავლეთი რუსეთთან სრულ გაუცხოებას მოახდენს – იმიტომ, რომ ჩვენთან კავშირების სრული გაწყვეტა მათთვისაც ძალიან საზიანოა. დროებითი პრობლემები, რასაკვირველია, იქნება. ვლადიმერ პუტინი ძლიერი ლიდერია, მას აქვს სიტუაციის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ხედვა, მაგრამ იმავდროულად მას გარს ახვევია ბანდა, რომლის წევრები სასახლეებს იშენებენ… ვფიქრობ, იგი წმენდას განახორციელებს, სხვაგვარად რუსეთს პერსპექტივა არ აქვს.
– გაქვთ თუ არა რუსეთის არმიის იმედი?
– არმია მთლიანად არის მოდერნიზებული, მან ჩეჩნეთში და სირიაში საბრძოლო გამოცდილება მიიღო. გათვალისწინებულია საქართველოსთან ომში დაშვებული შეცდომებიც… მაგრამ ომში ყველაფრის პროგნოზს ვერ გააკეთებ. ხომ ხედავთ, რა ხდება ქვეყნის შიგნით: ხელისუფლებაში არსებული ბანდიტების ბირთვი ხალხს აწამებს. რა გველოდება სამომავლოდ? ვერ გეტყვით. ნუთუ მთელი ეს ხროვა, რომელიც ქვეყნის კისერზე ზის, ვლადიმერ პუტინს კვლავ ტაშის ცემით შეხვდება და ისე იფიქრებს, რომ მთელი მსოფლიოსთვის სიკეთე მოაქვს?
წყარო: https://gtmedia.ge/