პუტინი: ნებისმიერი ნაბიჯი ცის ჩაკეტვისკენ, კონფლიქტში ჩართვა იქნება

რუსეთი სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის ნებისმიერ მცდელობას, განიხილავს როგორც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს, მაგრამ საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსია საჭირო, რათა ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდეს.

„რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის შედეგები, თუ ის მოხდა, ყველასთვის გასაგებია“, – თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მოსკოვისთვის საფრთხე გამოგონილი არ არის და რეალურია.

“გვესმის, რომ საჭიროა დახურული საფრენი ზონის შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის გაკეთება შეუძლებელია თავად უკრაინის ტერიტორიაზე. შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენს მიერ განხილული იქნება, როგორც მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში. იმ მხარის ტერიტორიიდან, საიდანაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საფრთხე შეიქმნება. ამავე წამიდან მათ განვიხილავთ როგორც სამხედრო კონფლიქტის მონაწილეებს და უკვე სულ ერთი იქნება, რისი წევრები არიან, რა ორგანიზაციების. ამიტომ, ვიმედოვნებ ამის გაგება არსებობს”, – ამბობს პუტინი.