ჩვენ ვნახეთ სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, რომ სეზონურობას მაინც და მაინც ეს ვირუსი არ ემორჩილება, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა იშნელმა „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვირუსის გააქტიურების მხრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდი მეტად საყურადღებო იქნება.
„არის სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, რომლებიც „ლიდერები გახდნენ“ რაოდენობის ზრდით, სადაც საკმაოდ ცხელი ჰავაა. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, შემოდგომა -ზამთრის პერიოდი უფრო საყურადღებოა და ჩვენ, ალბათ, ერთად მოვემზადებით, მოვემზადებით იმ ფინალისთვის, რომელსაც დაერქმევა ახალი პრეპარატის შექმნა“,- განაცხადა კახა იშნელმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა თანდათანობით ემზადება მსუბუქი პაციენტების სახლში მკურნალობისთვის.
„ამ ეტაპზე უკვე მთლიანად მართვის პროტოკოლში გაჩნდება ე.წ, მსუბუქი ფორმების ბინაზე მკურნალობა. ჩვენ უკვე დავაგროვეთ ის გამოცდილება, რომ მსუბუქ პაციენტებს სახლშიც მოვუაროთ. სახლის პირობებში, ისევე როგორც მწვავე ვირუსული ინფექციის დროს, სტანდარტული მკურნალობა გაგრძელდება. საკმაოდ დიდტანიანი პროტოკოლია, რომელსაც ვეცნობით კლინიკური ჯგუფის ფარგლებში. ნაბიჯ-ნაბიჯ თანმიმდევრულად იქნება გათვლილი ყველა ის აქტივობა, რომელიც დაკავშირებული იქნება სახლის პირობებში მკურნალობასთან,“- განაცხადა კახა იშხნელმა.
“ინტერპრესნიუსი”