გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 15 ქართული კომპანიისთვის რუსულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობას გამოეხმაურა.
-ეს არის შესაძლებლობა კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება, უფრო მეტად ამუშავონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი ბაზრის დივერსიფიკაციის ნაწილია, რომელიც არა მხოლოდ რუსეთსა და ევრაზიის ქვეყნებში, არამედ აშშ-ში, ევროკავშირის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობას მოიცავს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 15-მა ქართულმა კომპანიამ სამინისტროს 2020 წელს მიმართა თხოვნით, რომ მათთვის შესაძლებელი გამხდარიყო პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მუშაობა, შამუგიას თქმით, სამინისტრომ ამაზე პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღო. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე რუსეთსა და საქართველოს შორის საჭირო დოკუმენტების მიწოდებისა და ინფორმაციის გაცვლის გარდა კომუნიკაცია არ შემდგარა.
კომერსანტი