უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს:
დღეს, უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის ფედერაცია უმოწყალოდ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, კლავს ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, დამიზნებით ესვრის მშვიდობიან მოქალაქეებს, წვავს ბაღებსა და სკოლებს. პუტინის რეჟიმი ახორციელებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს, რათა იმპერიალისტური სურვილები დაიკმაყოფილოს, მსოფლიოს თავს მოახვიოს გავლენის სფეროები, სახეცვლილი საბჭოთა კავშირის სახით აღადგინოს ბოროტების იმპერია და მეზობელ ერებს წარმატებისა და ბედნიერების შესაძლებლობა წაართვას.
დღეს, უკრაინაში წყდება როგორი იქნება სამყარო შემდგომ ათწლეულებში – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითრების ნავსაყუდელი, თუ ბოროტების, ძალმომრეობის და დიქტატურის ასპარეზი. ამ ღირებულებითი ბრძოლის წინა ხაზზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი და გმირი უკრაინელი ხალხია.
პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის ეს თავგანწირული ბრძოლა საქართველოსთვის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც არის, ჩვენი შვილების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის და მისი გუნდის სიმამაცის, პრინციპულობასა და გაუტეხლობაზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალიც – ვიქნებით ძლიერი, უსაფრთხო, თავისუფალი სახელმწიფო, თუ რუსეთის მორჩილებაში არსებული ჩამორჩენილი ტერიტორია.
საყოველთაო აღიარებით, დღეს, პრეზიდენტ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერია, თავისუფლებისა და ბრძოლის სიმბოლო, სიმამაცის და რწმენის მაგალითი. საქართველოს მოქალაქეები კი ერთსულოვნად თანხმდებიან, მისი დამსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე არის შეუფასებელი.
ჩვენ კი, ჩვენის მხივ, მას და გმირ უკრაინელ ხალხს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა, გვერდზე დგომა და აქტიური მოქმედებები უნდა შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, მივმართავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების სახელით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, – წერს მიხეილ სააკაშვილი.