“გვაქვს თვე-ნახევრის მარაგი” – ხორბლისა და ფქვილის ასოციაცია

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომმა გამოიწვია ბაზარზე ხორბლის ფასების ზრდა და მიწოდების ჯაჭვების მოშლა.

ლევან სილაგავამ მედია-ცენტრ „მთავარში“ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ იღებს წარსულში დადებული კონტრაქტების საფუძველზე რუსულ ხორბალს, მომავალში საჭირო იქნება ახალი ბაზრების მოძიება, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ევროპული და ყაზახური ბაზრები.

მისივე განცხადებით, საქართველოს აქვს დაახლოებით ერთი თვე, თვე-ნახევრის სამყოფი ხორბლისა და ფქვილის რეზერვები, რაც მარაგების შევსების ახალი ბაზრების მოძიებისას ერთგვარ სასურსათო უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს, თუმცა თუ ხორბალზე და ფქვილზე ფასები გაიზრდება, სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმს გამოიყენებს.

„თუ ფასებმა დაიწყო მერყეობა, გამომდინარე ხორბლის ფასისა და ეროვნული ვალუტის მერყეობიდან, სახელმწიფომ განაცხადა, რომ გარკვეული სუბსიდირების მექანიზმებით ჩაერევა“, – განაცხადა ლევან სილაგავა.

რუსეთსა და უკრაინაზე მსოფლიო ხორბლის წარმოების დაახლოებით 30 პროცენტი მოდის.

საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი ომამდე რუსეთის ფედერაცია იყო, რომელზეც წლების მიხედვით, ქართული იმპორტის დაახლოებით 80-90 პროცენტი მოდიოდა.

 

“ნეტგაზეთი”