თურქეთის ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ, რათა განიხილონ და მხარი დაუჭირონ იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოების შესაძლებლობას, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ქვეყნის ორი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
აზარაშვილმა წამყვანი თურქული ფარმაცევტული საწარმოები დაათვალიერა და ინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„დაიგეგმა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მხარდაჭერის მექანიზმების განხილვა მოხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზარაშვილმა შეხვედრა გამართა თურქ კოლეგა ფაჰრეთინ კოჯასთან – გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრება.
საქართველო თურქეთიდან 200-მდე დასახელების მედიკამენტის შემოტანას გეგმავს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პრეპარატებს ჩაანაცვლებს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე. თურქეთიდან საქართველოში 32 დასახელების მედიკამენტი უკვე შემოვიდა, შედეგად მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე შემცირდა.
ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა მოქალაქეებისთვის დიდი შვება იქნება. მისი თქმით, მედიკამენტებზე მაღალი ფასები აბსოლუტურად მიუღებელია, სწორედ ამიტომაც მთავრობამ შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
“სპუტნიკი”