ყაზახეთში ორი ძირითადი სარწმუნოებაა გავრცელებული – ისლამი და მართლმადიდებელი ქრისტიანობა, მაგრამ არა მხოლოდ ეს ორი რელიგია სარგებლობს პრაქტიკაში სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომფორტული პირობებით, არამედ სხვა რელიგიური მიმდინარეობებიც, რომელთაც არც თუ ისე მრავალრიცხოვანი მიმდევრები ჰყავთ.
რელიგიის სფეროში ყაზახეთის სახელმწიფო გააზრებულ პოლიტიკას ახორციელებს. შექმნილია სამოქალაქო სახელმწიფოს უნიკალური მოდელი, რომელიც რელიგიათშორისი მშვიდობისა და თანხმობის გამყარებაში აქტიურ როლს ასრულებს.
სახელმწიფო უზრუნველჰყოფს სინდისის თავისუფლებას, რელიგიათა თანასწორუფლებიანობას, მათ მიმართ პოლიტიკური ხელისუფლების ნეიტრალობას. ურთიერთობათა სისტემა სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის იმავე პრინციპებზე დგას, რა პრინციპებსაც საზოგადოებრივი ურთიერთობების დანარჩენი ნაწილი ეყრდნობა. რელიგიური ორგანიზაციები ყაზახეთში წარმოადგენენ საზოგადოების შემადგენელ ნაწილს, მორწმუნე ადამიანები, შესაბამისად, სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან.
ყაზახეთი მრავალკონფესიური ქვეყანაა და სახელმწიფო თავის სასიცოცხლო ინტერესებს შორის განიხილავს ადამიანის უფლებას აღმსარებლობის თავისუფლად გამოხატვაზე. ეს ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი განვითარების ერთ-ერთ საკვანძო მომენტად განიხილება.
თავისი ფუნქციონირების ფარგლებში, ყაზახური სახელმწიფო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა სფეროში მიღებული ძირეული საერთაშორისო აქტებით. ამ სახელმწიფოს ნორმატიული ბაზა, რომელიც რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლებას მოიცავს, მსოფლიო დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამება, ევროპული სტანდარტების ჩათვლით.
ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა გამოხატავს საზოგადოების სულიერ სფეროში მიმდინარე პროცესებს და თან იღვწის, შეესაბამებოდეს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებსა და საფრთხეებს. ერთი მხრივ, იქმნება ხელსაყრელი სამართლებრივი რეჟიმი მორწმუნეთა და რელიგიურ გაერთიანებათა სარწმუნოებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მეორეს მხრივ კი იზღუდება დესტრუქციული გაერთიანებების გავლენა, რომლებიც რელიგიურობის ნიღაბს იყენებენ სისხლის სამართლის დანაშაულებათა დასაფარად. მაგრამ, ამ მოვლენასთან სახელმწიფოს ბრძოლა არ გადადის მორწმუნეთა რელიგიურ დევნაში.
რელიგიები ყაზახეთში შედგებიან სხვადასხვა ეთნოსების, ენობრივი, კულტურული და სოციალური ჯგუფებისაგან. ეს ჯგუფები ასევე სხვადასხვა აღმსარებლობისანი არიან, ერთმანეთისგან განსხვავდებიან საკულტო პრაქტიკითა და გარესამყაროზე შეხედულებებით.
რელიგიური თავისუფლების მდგომარეობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი. 2011 წლის 13 ოქტომბერს მიღებული კანონი მიმართულია მათ შორის, ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილობის უზრუნველყოფისკენ.
ხელისუფლების სიფხიზლე უსაფუძვლო როდია. კანონის მიღების უშუალო მიზეზი 2011 წელს მომხდარი ტერორისტული აქტები გახდა. გრძელდება ისლამურ ტერორისტულ ორგანიზაციებში მოქალაქეების გაწევრიანების პრაქტიკა. მაგალითად, 2013 წლის შემოდგომაზე ინტერნეტში განთავსდა ვიდეორგოლი, რომელზეც ყაზახური ოჯახი იყო ასახული, სირიაში ჩასულ შეიარაღებულ რელიგიურ რადიკალთა შორის. ამიტომ, ყაზახეთის მთავრობა ცდილობს, უსაფრთხოების საკითხები საკანონმდებლო დონეზე გადაწყვიტოს. 2022 წლის იანვრის ტრაგიკულმა მოვლენებმა, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო ტერორისტებისა და რელიგიური ფანატიკოსების თავდასხმის ობიექტი გახდა, ამ მიდგომის სისწორეს ადასტურებს.
თანამედროვე ყაზახური საზოგადოების ცხოვრებაში რელიგიური ფაქტორის წონადობა ეჭვს არ იწვევს. ქვეყანაში 18 კონფესია და 3816 ოფიციალურად დარეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებაა. რელიგიის გავლენა სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე იზრდება, რელიგიური გაერთიანებები მოსახლეობის ფართო ფენების ყოველდღიურობაში უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებენ, ფართოვდება რელიგიური განათლების სფერო, მყარდება მისი საფინანსო და მატერიალური ბაზა.
ყაზახეთი ამჟამად წარმოადგენს კონფესიურ პალიტრას. სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება განსაკუთრებულ აქტუალობასა და აზრობრივ დატვირთვას იძენს. ეს ფასეულობები მოქალაქეებს არა მხოლოდ იმის გარანტიას აძლევს, იყვნენ მორწმუნენი, არამედ, ასევე, უზრუნველჰყოფს თანხმობას ყაზახურ საზოგადოებაში.
სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ყაზახეთში დისტანციას იკავებენ ექსტრემისტული მიმდინარეობებისგან. ისინი თავიანთ რელიგიურ პრაქტიკაში ყურადღებას ამახვილებენ მშვიდობისა და აღმშენებლობის იდეოლოგიაზე, ყაზახეთის უკეთესი მომავლის სახელით.
ამას, სხვა ფაქტებთან ერთად, მოწმობს „ყაზახეთის ევანგელური რწმენის ქრისტიანთა კავშირის“ წარმატებული მუშაობის გამოცდილებაც. აღნიშნული გაერთიანების ხელმძღვანელმა იური შუმაევმა ახლახანს დაწერა ინტერნეტ-ქსელ „ინსტაგრამში“, რომ პრეზიდენტ ტოკაევის ქმედებები მხარდაჭერას იმსახურებს; შუმაევმა მოუწოდა ყაზახეთის მცხოვრებთ, სახელმწიფოს მეთაურს გვერდში დაუდგნენ მშვიდობის აღდგენის საქმეში, რაც იანვრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გახდა აქტუალური.
„ყაზახეთის ევანგელური რწმენის ქრისტიანთა კავშირი“ წარმოადგენს ქვეყნის პროტესტანტული ეკლესიების გაერთიანებას, რომელსაც 10 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. თავისი შექმნის შემდეგ, კავშირმა არაერთხელ მოახდინა დიალოგის პლატფორმების განხორციელება, სადაც სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებები და სახელმწიფო აწარმოებდნენ დიალოგს ქვეყანაში მშვიდობისა და თანხმობის მხარდასაჭერად. ამ რელიგიურმა ორგანიზაციამ აქტიური სამოქალაქო პოზიცია დაიკავა გამომდინარე აქედან, დახმარებას უწევს ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებს.
2018 წელს, „ყაზახეთის ევანგელური რწმენის ქრისტიანთა კავშირის“ წარმომადგენელი ეუთოს აღმსარებლობის თავისუფლების საკითხების კონფერენციაზე, ვარშავაში, გამოვიდა სიტყვით და მაღალი შეფასება მისცა ყაზახური სახელმწიფოსა და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორის ურთიერთქმედების დონეს. 2021 წლის დეკემბერში, კავშირმა და ინფორმაციისა და საზოგადოებრივი განვითარების სამინისტროს რელიგიათა საქმეების კომიტეტმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, მოსახლეობის რელიგიური ნაწილის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ასე და ამრიგად, ყაზახეთის ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია ქვეყანაში კონფესიათშორისი მშვიდობის, თანხმობის შენარჩუნებაზე და, ამასთან, არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ ენიჭება უპირატესობა.
მურად ბეგიაშვილი