“ჩვენ იქ არ ვართ დაპატიჟებული, იქ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი” -ალეკსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების თანამშრომლებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბელორუსის ჯარები არ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსული ჯარები არავითარი სარგებლის მომტანი არ იქნება, მათი ამოცანა კი რუსული ჯარებისთვის უკანა ნაწილის დაფარვა გახლავთ.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არ ვაპირებთ ჩართვას ამ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი ატარებს უკრაინაში. რაც მთავარია, როგორც სამხედროებს გეუბნებით, ამის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსის ქვედანაყოფები არ გაზრდიან ჯარების რაოდენობას მიმდინარე სიტუაციისას და მათ არ აქვთ სპეციალური იარაღი.

„კარგი, დაფიქრდით, რა შეგვიძლია დავუმატოთ რუსეთს იქ? შეიძლება თუ არა რუსეთს იარაღის მხრივ რამე დავუმატოთ? ისე არა. ჩვენ ყველაფერს ვყიდულობთ რუსეთის ფედერაციიდან. მათ აქვთ ეს ყველაფერი და კიდევ უკეთესი. ამიტომ, ჩვენ იქ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი(უკრაინაში). ჩვენ იქ არ ვართ დაპატიჟებული“, – დასძინა მან.

მისი თქმით, მათი ამოცანაა თავიდან ააცილონ თავდასხმები რუსეთის ჯარებს ზურგიდან, მათ შორის დასავლეთიდან.

„ჩვენი ამოცანა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ბრძოლაში და არა მხოლოდ ომში, არის ის, რომ რუსულ ჯარებს ზურგიდან თავდასხმა თავიდან ავიცილოთ. ეს არის ის, რაც არასდროს არ უნდა დავუშვათ. არასოდეს! ეს იქნება ღალატი. ამის შესახებ პირველ დღეებში ვისაუბრე. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ეს ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება, როგორც სახელმწიფოს, რათა დავიცვათ ჩვენი საზღვრები ჩრდილო-დასავლეთში, დასავლეთში და სამხრეთში“, – განაცხადა მან.