აკო ჭელიძემ განაცხადა, რომ კვარაცხელია მან მოკლა, თუმცა უარყოფს, რომ შეკვეთილი მკვლელობა იყო და თანამზრახველი ჰყავს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელზეც აკო ჭელიძემ, ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება მისცა, ოღონდ არა ბრალდების მხარის მოწმის მხარის სტატუსით, მან ამაზე უარი თქვა. ბრალდებული დათანხმდა მხოლოდ იმას, რომ დაცვის მხარის მოწმის სტატუსით დაკითხულიყო და ჩვენება მიეცა თავისუფალი თხრობის სტილით.

აკო ჭელიძემ მხოლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და არ უპასუხა არც ერთ შეკითხვას. თქვა, რომ ნიკო კვარაცხელია მან მოკლა, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და თქვა, რომ მას თანამზრახველი არ ჰყავს.

პროკურორმა აკო ჭელიძის ეს ჩვენება შეაფასა, როგორც აბსურდული და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ძიება, რათა დადგინდეს, ვინ იყო თანამზრახველი და ვინ დაუკვეთა მკვლელობა.

“ბრალდებული, ფაქტობრივად, ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება არ მოგვცა, მან განმარტება გააკეთა, იმ ფორმით, რომ ცდილობს პასუხისმგებლობა აიცილოს და ააცილოს თავისივე თანამზრახველს, რომ ქმედებიდან ამორიცხონ წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობა. მაგრამ ის მტკიცებულებები, რაც გვაქვს, სავსებით სხვა რამეზე მეტყველებს”- აცხადებს პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი.

ბრალდებულის ჩვენება მიუღებელია ოჯახის წევრებისთვისაც, რომლებიც სასამართლო დარბაზში ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას და იმედს გამოთქვამენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სიმართლე გამოაშკარავდება.

შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღით 10 ჭრილობა მიაყენეს.მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავა.

 

“რუსთავი2”