მდინარე ბაისუბნის ხეობაში 60 000-მდე კალმახის ქვირითი გაუშვეს

ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე ბაისუბნის ხეობა 60 000-მდე კალმახის ქვირითით დაათევზიანეს.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.

სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტა ველურ ბუნებაში მარტივად ახდენს ადაპტაციას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ხდება საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის აღდგენის მიზნით. ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა წელს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჯამში, 10 მდინარე 300 000-მდე ქვირითით დათევზიანდა.

 

“იმედინიუსი”