წლების შემდეგ პირველად: გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო ქსელი იძულებულია, პროდუქტებზე ფასები აწიოს!

გერმანიის უმსხვილესი პროდუქტების სავაჭრო ქსელი, ფასდაკლების გიგანტი Aldi პროდუქტებს აძვირებს – იძულებით.

Lebensmittel-Zeitung-ის მიხედვით, დაახლოებით 160 დასახელების პროდუქტი ძვირდება.

ზოგჯერ მხოლოდ 10 ცენტით იზრდება ფასი, ზოგჯერ კი მთელი ერთი ევროთი. იქნება ეს ყავა, “კოლა”, გაყინული პროდუქტები თუ ცომეული – დაახლოებით 10 პროცენტის დიაპაზონში ხდება ფასების ზრდა.

„Aldi ყოველთვის ახორციელებდა ფასების რეგულარულ კორექტირებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვამცირებთ გაყიდვის ფასებს, როდესაც შესყიდვის ფასები ეცემა და ვზრდით გაყიდვის ფასებს, როდესაც შესყიდვის ფასები იზრდება“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა “FAZ“-ს შეკითხვის საპასუხოდ. გამოცემა დასძენს, რომ კომპანიის სპიკერი ერთ რამეს არ ამბობს:  “ალდის” პროდუქტებს, ამ რაოდენობით,  წლების მანძილზე ფასმატება არ განუცდია.

გერმანიის ოფიციალური სტატისტიკური სამსახურების მონაცემების თანახმად, ამა წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, საკვებ პროდუქტებზე ფასებმა 5,1%-ით მოიმატა, რაც მაღალი და შემაშფოთებელი მაჩვენებელია.

ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ ფასების ზრდა ევროპაში დიდწილად ენერგოშემცველების გაძვირებით არის გამოწვეული. ენერგოშემცველები – ბუნებრივი აირი, ნავთობი და სხვ. კი დიდწილად რუსეთიდან შედის ევროპაში, პირველ რიგში – გერმანიაში, რომელიც ევროპის კონტინენტის უდიდეს ეკონომიკას წარმოადგენს.