ინფიცირების თითო-ოროლა შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

ის, რომ ბოლო დღეებში ინფიცირების ერთეული შემთხვევები ვლინდება, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, დღეიდან ახალი ბიზნესაქტივობები იხსნება ქვეყანაში. ამასთან, ერთ კვირაში გაიხსნება შიდა ტურიზმიც. ასე რომ, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ ყველანაირი რისკის სამართავად ვიყოთ მზად. ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც კორონა არსად არ გამქრალა და ის ისევ ჩვენს გვერდითაა. ვხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით – თავშეყრის ადგილებში“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

“იმედინიუსი”