როგორ გაუძვირა პუტინმა არამეგობრულ ქვეყნებს გაზი და როგორ დაიცვა ეროვნული ვალუტა

რუსეთი არამეგობრულ ქვეყნებში გაზის მიწოდების საფასურის გადახდას რუბლებში მოითხოვს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„ჩვენთვის აზრი არ აქვს ჩვენი საქონლის ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში მიწოდებას და სანაცვლოდ, საფასურის მიღებას დოლარში, ევროში და სხვა რიგ ვალუტებში. ამიტომ, გადავწყვიტე, განმეხორციელებინა ზომების კომპლექსი საფასურის ამოღების მიზნით. შეძლებისდაგვარად – დავიწყოთ ამით, ჩვენი ბუნებრივი აირიდან – ე.წ არამეგობრულ ქვეყნებში მიწოდებულ ბუნებრივ აირზე რუსული რუბლით მოხდება ანგარიშსწორება, ნაცვლად ვალუტებისა, რომლებმაც კომპრომენტაცია განიცადეს” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მიწოდება გაგრძელდება კონტრაქტებით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად.

პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდნენ, იძულებულნი ხდებიან, რუსული გაზის მისაღებად, ჯერ რუსული ვალუტა შეიძინონ, რაც პროდუქტის საბოლოო ფასზე ცუდად მოქმედებს, სამაგიეროდ, რუბლს უფრო კონკურენტულს ხდის.