მთლად სიცხის იმედზე ნუ ვიქნებით, ამ ვირუსს მსოფლიო მეცნიერებამაც ვერაფერი გაუგო

პაატა იმნაძემ კორონავირუსზე ჰაერის მაღალ ტემპერატურის გავლენის საკითხი განიხილა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ POSTV-ს ეთერში განაცხადა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს კორონავირუსის არსებობა და უნდა დავიცვათ წესები.

„მთლად სიცხის იმედზე ნუ ვიქნებით. ისევ იმის იმედზე ვიყოთ, რომ ნუ დაგვავიწყდება კორონავირუსი და მაქსიმალურად დავიცვათ წესები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში დაავადების გაკონტროლება შესაძლებელია.

მისივე თქმით, ეს ისეთი ვირუსია, რომელსაც მსოფლიო მეცნიერებამაც ვერაფერი გაუგო.

რაც შეეხება ორ ახალ შემთხვევას, რომელიც მარნეულში დაფიქსირდა, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

 

 

“იმედინიუსი”.