აშშ-იდან ძალიან ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ ესა თუ ის პირი უდანაშაულოდ ატარებს ციხეში წლებს და ათწლეულებს, ზოგიერთი უდანაშაულო ცოცხალიც ვერ გამოდის ციხიდან.
სულ ახალი ასეთი ამბავი: უდანაშაულო კაცი, რომელიც 4 წლის აფროამერიკელი გოგოს მკვლელობისთვის გაასამართლეს, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან 28 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა. ამის შესახებ The Mirror წერს.
1988 წელს 4 წლის აფროამერიკელი გოგოს ცხედარი ფილადელფიაში, მისი სახლის მახლობლად, ტელევიზორის ყუთში იპოვეს. მომხდარიდან 4 წლის შემდეგ პოლიციამ ბავშვის მკლელობის ბრალდებით 23 წლის უოლტერ ოგროდი დააკავა.
1996 წელს მეორე სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლის შემდეგაც აუტიზმით დაავადებული კაცი მკვლელობაში დაადანაშაულეს და მკვლელობა სექსუალურ ძალადობას დაუკავშირეს. მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რის შემდეგაც პენსილვანიის შტატის ციხეში 28 წელი გაატარა.
2020 წლის იანვარში ჩატარებულმა დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ ის მკვლელობის ადგილას 1988 წლის 5 ივნისს არ იმყოფებოდა. პროკურორები აცხადებენ, რომ მისი დანაშაული დადასტურებული არ არის, ამიტომ განაჩენი შეეცვალა. სასამართლომ დაადგინა, რომ კაცმა პოლიციელების მხრიდან ზეწოლის შედეგად ცრუ ჩვენება მისცა. გამამართლებელი განაჩენის შემდეგ კაცმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრებს შეხვდება და ოჯახურ სადილს გამართავს.
სასამართლო ამ საქმეს მალე მესამედ განიხილავს.