პარლამენტში ხან გვიკეთია ნიღაბი, ხან – არა,იგივე რომ გაიმეოროს საზოგადოებამ დაჯარიმდება, არა?

“აქ დღეში 700 ლარს მაინც მოვაგროვებთ იმიტომ, რომ ხან გვიკეთია ნიღაბი, ხან არ გვიკეთია, გამოვდივართ და ლაპარაკის დროს ვიხსნით, იგივე რომ გაიმეოროს საზოგადოებამ დაჯარიმდება, არა?”

ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პირბადეების ტარების აუცილებლობის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარედგინა.

ნუკრი ქანთარიამ ანრი  ოხანაშვილს მიმართა, რომ უმჯობესია  პირბადის ტარების წესის დარღვევის პირველ შემთხვევაში ჯარიმა იყოს 10 ლარი, განმეორების შემთხვევაში – 20, ხოლო და შემდეგ იყო თუნდაც 100 ლარი.

„დახურულ სივრცეში შედის, ალბათ, პარლამენტის სხდომათა დარბაზიც არა? თუ შედის, მაშინ ჩვენ, ალბათ, დღეში 700 ლარს მაინც მოვაგროვებთ იმიტომ, რომ ხან გვიკეთია ნიღაბი, ხან არ გვიკეთია, გამოვდივართ და ლაპარაკის დროს ვიხსნით, მერე ვიკეთებთ, ახლა მე განგებ არ მოვიხსენი. ამას ჩვენი საზოგადოება დაინახავს, იგივე რომ გაიმეოროს და ავტობუსში ლაპარაკის დროს მოიხსნას, მერე გაიკეთოს, ის ალბათ დაექვემდებარება ჯარიმას არა? ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს გასათვალისწინებელია.

როგორც წარმოგიდგენიათ ამის აღსრულება? ვიცი, რომ არც ავტობუსში, არც ბანკში, არც მაღაზიაში არ უშვებენ ნიღბის გარეშე. ჯარიმა ვისზე უნდა იყოს, ვინც შეიპარება ან იქ შევა და შემდეგ მოიხსნის? როგორ უნდა მოხდეს აღსრულება, ალბათ, გიფიქრიათ ამაზე“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსნებთ:  კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით.

 

 

 

 

 

 

“აიპრესი”