თორნიკე რიჟვაძე – რაც უფრო ახლოვდება „ნაცმოძრაობისთვის“ გარდაუვალი მარცხის გაფორმება, იმატებს მათგან პროვოკაციების მცდელობა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი მცდელობების აღსაკვეთად.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რათა არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართოს.
„დღეს ბათუმში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ფორმირების ბედს. მინდა, მივმართო თითოეულ ბათუმელს, ვისაც შეუძლია ამ არჩევნებში მონაწილეობა. ჩემო ძვირფასო ბათუმელებო, განსაკუთრებით მეოთხე საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებო, მინდა, გთხოვოთ მაქსიმალური აქტიურობა, ვინაიდან ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს“ – განაცხადა რიჟვაძემ.
ამასთან, რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
– „საარჩევნო უბნები 08:00 საათზე დაბრკოლებების გარეშე გაიხსნა. თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ტექნიკურ ხარვეზებს, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მინდა, დავამატო და აღვნიშნო, რომ რაც უფრო ახლოვდება „ნაცმოძრაობისთვის“ გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი მცდელობები აღიკვეთოს.
ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ ამ პროვოკაციებს, დესტრუქციას, მაქსიმალურად მშვიდ გარემოში მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძალიან ღირსეულ კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს, რომელიც ნამდვილად იქნება თითოეული ბათუმელის ხმა ბათუმის საკრებულოში. დარწმუნებული ვარ ბათუმელების მხარდაჭერით, მათი გვერდში დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
წყარო: newposts.ge