აშშ-ის ერთი “განშტოება” ბიძინას წინააღმდეგია, მეორე “განშტოებას” – ფეხებზე ჰკიდია

“13 განრისხებული კონგრესმენი” ბობოქრობას განაგრძობს. როგორც ჩანს, უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ, ივანიშვილმა ისევ უარი თქვა ლობისტებისთვის ფულადი ხარკის გადახდაზე და შედეგმაც არ დააყოვნა.

რამდენჯერ უნდა ჩავარდეს “ქოცნება” უხერხულ მდგომარეობაში და რამდენჯერ უნდა უთხრან ამერიკელებმა ამ უფორმო და უსახური პარტიის ლიდერს, რომ მათ ფეხებზე ჰკიდიათ იგი?

ამერიკელები ყოველთვის იტყვიან, რომ საქართველო “მნიშვნელოვანი ქვეყანაა” და ქართველი ხალხი მათთვის ძვირფასია. ქვეყანა მართლაც მნიშვნელოვანია, გამომდინარე მისი ტერიტორიის სტრატეგიული ადგილ-მდებარეობის გამო, ხალხზე რა მოგახსენოთ – ამერიკული დახმარება, წელიწადში 9 დოლარს არ აღემატება საქართველოს თითო სულ მოსახლეზე… აი ხელისუფლება კი, ამერიკელებს ნამდვილად ფეხებზე ჰკიდიათ. მათ იციან, რომ “ნაციც” და “ქოციც” მათი მონაა, ვერსად წავლენ, ვერსად გაიქცევიან, რადგან პოლიტიკური ალტერნატივა, აუცილებელი ბალანსი, რუსეთის სახით, მათ თავად აქვთ გამორიცხული.

ამჟამად, რადგანაც “ნაცები” ძლიერდებიან და ამერიკასაც უფრო მეტს სთავაზობენ მონურად, ვიდრე “ქოცები”, რუს “ოლიგარქს” ავიწროებენ და თავის ადგილს მიუჩენენ. თანაც, ელჩის დონეზე.

საქართველოს კურატორმა ელჩმა, კელი დეგნანმა 13 კონგრესმენის მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

„მე წერილი არ მინახავს, გორში ვიყავი და არ მინახავს დეტალები. წარსულში, როდესაც იყო კომუნიკაცია კონგრესში, ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან საქართველოს, ზრუნავენ ქვეყანაზე, აღიარებენ მის მნიშვნელობას და სურთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული. სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენ გვაქვს, ორივე ქვეყნისთვის ცენტრალურია.

ჩვენ განვახორციელეთ ბევრი ინვესტიცია ერთმანეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ასაშენებლად. „კოვიდ 19“-ის პანდემიის პირობებში თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ საქართველოსთან მუშაობით. ეს საგანგებო მდგომარეობა აქ კარგად იყო მართული, რათა ეკონომიკის განვითარება შესაძლებელი ყოფილიყო, რაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ გვსურს საქართველოს დახმარება. ასე რომ, ჩემთვის ეჭვი არ არის, რომ თქვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება.

ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია. არ შემიძლია ვისაუბრო ჩემი მთავრობის საკანონმდებლო განშტოების სახელით. მე სხვა განშტოებას წარმოვადგენ. კარგია, თუ კითხვას კონგრესს დაუსვამთ. მე ვიცი, რომ აშშ ეძებს თანამშრომლობის მიმართულებებს საქართველოსთან და ვაგრძელებთ ბევრ ინიციატივას ქვეყანასთან, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და წარმატების. ჩვენი აქ ყოფნით ხაზს ვუსვამთ ვალდებულებას, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა დეგნანმა.

აღიქვით თუ ვერ, ძვირფასო მკითხველო? ქალბატონი ელჩი გვეუბნება, რომ ამერიკის საკანონმდებლო შტო რა პოზიციაზე დგას, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ეგენი კარგი ხალხია, საქართველოზე ზრუნავენო… რა გამოდის? აღმასრულებელი შტო, რომელსაც დეგნანი წარმოადგენს, გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ოფიციალურ პოზიციად, რასაც კონგრესმენები ამბობენ, მაგრამ ისინი კონგრესმენები არიან, კარგები არიან და საქართველოზე ზრუნვით აკეთებენ ამასო. ამიტომ, გამოდის, რომ აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება ამ პოზიციას არაოფიციალურად იზიარებს!

არაოფიციალური პოზიცია კი, ხშირად, ოზიციალურ პოზიციაზე უფრო მრავლის მთქმელია პრაქტიკული თვალსაზრისით!

ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილს თავი დაეზღვია რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებით (აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს თავად საქართველოს სჭირდება ჰაერივით!), მან პუტინის “გადაგდება” დააპირა, ამერიკელებს მიელაქუცა, ჯერ არ გადაუხადა ფული, მერე ვითომ დაიწყო “ლობიზმი”, შემდეგ ისევ უარი თქვა და, საბოლოოდ გადაიმტერა ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ის ნაწილი, რომელიც საქართველოთი არის დაკავებული.

საქართველოს სუვერენიტეტი გაჩანაგებულია, ქვეყანა არეულობებას ელის შემოდგომაზე, არჩევნების შედეგად… ივანაშვილი ვერაფერს მიხვდა ან, მიხვედრილია და არ აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია!

 

ნიკანორ ბიძინაშვილი