ეკა ბესელია თეა წულუკიანს ემადლიერება

წლები ვიყავით ერთ გუნდში და ადამიანურ მომენტებს ხაზი არ უნდა გადაუსვას პოლიტიკამ. კარგიც უნდა დაინახო და ცუდიც უნდა დაინახო, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ასეთები ძალიან ცოტა დარჩნენ “ოცნებაში”. კიდევ ერთ ასეთ ფიგურად ბესელია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც ასახელებს. ბესელია ამბობს, რომ ის განსაკუთრებით შეურიგებელია იმ ჯგუფის მიმართ, რომელმაც “ქართული ოცნება” შიგნიდან ააფეთქა.

“ოპონენტებს მორალური პოზიციიდან ნუ ელაპარაკებიან და სხვა უნდა იყოს რიტორიკა, თორემ მე ჩემი განწყობა არ დამიმალავს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. პირველად რომ გამოჩნდა დაბრუნების შემდეგ ეთერში, ინგა გრიგოლიას ეთერში იყო და ჩემზე იძახდა, რატომ წავიდაო, ცოტა საწყენიაო, მაგრამ მე მაინც ვერ გადავხაზავ ბევრ ღირებულ წლებს, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ. არ შემიძლია ყველაფერს ხაზი გადავუსვა. ეს ჩემი ემოციაა, წლები ვიყავით ერთ გუნდში და ადამიანურ მომენტებს ხაზი არ უნდა გადაუსვას პოლიტიკამ. კარგიც უნდა დაინახო და ცუდიც უნდა დაინახო.

სამწუხაროდ მცირედნი არიან ვის მიმართაც დამრჩა ასეთი სენტიმენტები. ისიც მეტყობა ვის მიმართ ვარ ყველაზე შეურიგებელი. განსაკუთრებით შეურიგებელი ვარ იმ ჯგუფის მიმართ, რომელმაც ტროას ცხენის ფუნქცია შეასრულა “ქართულ ოცნებაში” და შიგნიდან ააფეთქა “ქართული ოცნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გადაცემის წამყვანის დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, ღარიბაშვილის გარდა კიდევ ვის მიმართ დარჩა სენტიმენტები, პასუხობს, რომ შემდეგ ჩართვაში მოუყვება. დამაზუსტებელ კითხვაზე, თეა წულუკიანის მიმართ თუ დარჩა? – ეკა ბესელია პასუხობს:

“სხვათა შორის კი. მე მასთან ვმეგბრობდი ძალიან და სულ კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. სხვათა შორის ერთადერთი იყო მთავრობიდან, ვინც ჩემი წამოსვლის შემდეგ ადამიანურად კითხულობდა ჩემს ამბავს. უბრალოდ, მისი ბოლო განცხადება იყო ისეთი, რომელიც ცოტა მძიმედ მომხვდა ყურში და არ შეიძლება ამ ქვეყნის სტაბილურობის, სიმშვიდის თუ სიმყარის გარანტი იყოს ერთი ადამიანი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

წყარო: ipress.ge