ზალკალიანი არკვევს, ვინ არის ამჟამად სააკაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე უკრაინელი კოლეგებისგან საქართვლოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ოფიციალურ კორესპონდენციას ელოდება. ამის შესახებ, მან ჟურნალისტებს, დღეს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ბუნებრივია, ჩვენი პირველი კითხვა რაც უკრაინელ ელჩთან იყო, წარმოედგინა მას დოკუმენტალურად, თუ რასთან გვაქვს საქმე – მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის რიგითი მოქალაქე თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ქართულ მხარეს უთხრა, რომ სააკაშვილი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. „ჩვენ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი საქართველოში, იმისთვის რომ მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება უკრაინის მოქალაქის მხრიდან, რომელსაც უკავია საკმაოდ მაღალი თანამდებობა, გაკეთებულ განცხადებაზე. კერძოდ, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასთან, საარჩევნო კამპანიაში და საარჩევნო პროცესში მის ჩართულობასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ მისი მხრიდან, რომ ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და საჯარო მოხელეც კი არ არის. ამ დროს თავდაპირველად როცა ის დაინიშნა, ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა. თვითონაც აცხადებდა, რომ ის დაინიშნა მაღალ პოზიციაზე და ის მანდატი რაც მისთვის არის მინიჭებული ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების პროცესში ჩართვას. მოლაპარაკებების გამართვას სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან“, განაცხდა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან ასევე, უკარაინაში საქართველოს ელჩის თბილისში ვიზიტზეც ისაუბრა. „რაც შეეხება ჩვენ ელჩს უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძეს, ის კონსულტაციებზე იმყოფება. „ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება ვერ გეტყვით. შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ამავე დროს ჩვენ ვართ კავშირზე ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. აუცილებელია, რომ მსგავსმა გამონათქვამებმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს ურთიერთობებს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, უკრაინა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. „უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამ ურთიერთობას ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასთან. რაც არის დაკავშირებული ჩვენს მისწრაფებას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან. გაერთიანებული ვართ მრავალ ფორმატში. ეს გზავნილი ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის არის ძალიან მკაფიო და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც არის აქტუალური საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

11 ივლისს უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს „მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას“. მან ქართულ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე თავადაც იქნება.

 

წყარო: imedinews.ge