ახალი სტრატეგიული დანიშნულების ატომური სარაკეტო წყალქვეშა კრეისერი “Князь Владимир” რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტმა თავის შემადგენლობაში ჩაიბარა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, საზეიმო ცერემონია ქალაქ სევეროდვინსკში, საწარმო “Севмаш”-ში, ჩატარდა და რუსეთის ოფიციალურ დღესასწაულს, “რუსეთის დღეს” მიეძღვნა.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის ბრძანების შემდეგ, წყალქვეშა გემზე აღიმართა ე. წ. ანდრიას დროშა (წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებულის სახელობის დროშა, ირიბად დახრილი ჯვრით, რუსეთის ფლოტის ოფიციალური დროშაა 1992 წლიდან, მანამდე, იმპერიის ხანაში, სამხედრო ფლოტის დროშა 1865 – 1917 წლებში იყო).
“კნიაზ ვლადიმირი” 133-ე გემია, რომელიც რუსეთის სამხედრო ფლოტისთვის აშენდა და მისით იხსნება გემების მოდიფიკაციის პროექტი “ბორეი”. წყალქვეშა ხომალდს საუკეთესოდ მომზადებული ეკიპაჟი ემსახურება, თავად ხომალდმა კი 2019 წლის 29 ოქტომბერს მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა – მისგან შესრულდა საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის, “Булава”-ს გასროლა თეთრი ზღვიდან კამჩატკის მიმართულებით.
ახალი წყალქვეშა ხომალდი 2012 წლიდან შენდებოდა. თავისი ანალოგებისგან იგი განსხვავდება ნაკლები ხმაურით, უფრო სრულყოფილი მანევრირების სისტემებითა და სიღრმეებში დიდ ხანს ყოფნის შესაძლებლობით, ისევე, როგორც, შეიარაღების უკეთესი მართვით.
ასევე დასრულდა მუშაობა და გაიშვა მეორე წყალქვეშა კრეისერი, “Казань” (თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის სახელი).
გემების გაშვება იხილეთ ვიდეოზე: