ბორის ჯონსონი უინსტონ ჩერჩილის რეპუტაციას იცავს და ძეგლების ნგრევის წინააღმდეგია

დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისტორიული ძეგლების დემონტაჟს აბსურდული და სამარცხვინო უწოდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

„ჩერჩილის ძეგლი მუდამ გვახსენებს, რა წვლილი შეიტანა მან ფაშიზმისა და რასიზმისგან ამ ქვეყნისა და მთელი ევროპის გადარჩენაში. აბსურდული და სამარცხვინოა, რომ ამ ძეგლს დღეს შეიძლება მოძალადე დემონსტრანტები დაესხნენ თავს. დიახ, ჩერჩილის ზოგიერთი გამონათქვამი დღევანდელი გადასახედიდან ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ის გმირი იყო და სრულად იმსახურებს ამ ძეგლს“, – დაწერა ჯონსონმა.

მისივე თქმით, წინა თაობების მიერ აღმართული ძეგლები წარსულისა და ყველა შეცდომის შესახებ გვახსენებს, მათი დემონტაჟი კი ისტორიის შეცვლის მცდელობა იქნებოდა, რაც უბრალოდ შეუძლებელია.

მანამდე ბორის ჯონსონმა ლონდონში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე უინსტონ ჩერჩილის ძეგლის წაბილწვა დაგმო. აქციის მონაწილეებმა ქანდაკებაზე შემდეგი შინაარსის წარწერები დატოვეს: „ის რასისტი იყო“ და „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

 

imedinews.ge