გერმანიიდან ექსტრადირებულია წამებაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი

გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის, ვლადიმერ კაპანაძის, ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ვლადიმერ კაპანაძე სასჯელაღსრულების N 6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსის თანამდებობას 2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, კაპანაძე მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹-ე მუხლით, რისთვისაც განსაზღვრული აქვს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„[ვლადიმერ კაპანაძემ] პირთა ჯგუფთან ერთად, შეიმუშავა მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავდა მათ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა პატიმრების სისტემატურ ცემასა და წამებას“, – აცხადებს პროკურატურა.

 

“ნეტგაზეთი”