ცხინვალის რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ის მხარს დაუჭერს საბჭოთა კავშირის აღდგენას.
“ეჭვგარეშეა, რომ მე მის აღდგენას მხარს დავუჭერ. მადლობა ღმერთს, რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე. მე ვხედავდი ერთმანეთის მიმართ მაშინდელ დამოკიდებულებას, მაშინ ეროვნებებს არ განვარჩევდით. ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი”. – თქვა ბიბილოვმა.
ბიბილოვის განმარტებით, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ “მისი მოქალაქეებისთვის”, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
“სინამდვილეში, დიდი სამამულო ომის შემდეგ 1990-იან წლებამდე ევროპაში ომი არ ყოფილა. როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინვე იუგოსლავიამ, სამხრეთ ოსეთმა, აფხაზეთმა, ცენტრალურმა აზიამ მთელი მსოფლიო ააღელვა. ბრალი ამაში, პირველ რიგში, აშშ მიუძღვის, რადგან მას არ აწყობდა საბჭოთა კავშირის მსგავსი ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც ეროვნებებსა და ხალხებს ასეთი შინაგანი ურთიერთობები ჰქონდა”. – აღნიშნა ბიბილოვმა.