ტყვეებით ვაჭრობამ განსაკუთრებით მძიმე სახე სამეგრელოში მე-17 საუკუნეში მიიღო. მთავრებს უწევდათ ხარკის გადახდა დამპყრობელი ოსმალო თურქებისთვის და ეს ხშირ შემთხვევაში ადამიანთა (ქალ-ვაჟთა) განსაზღვრული რაოდენობით უნდა გადაეხადათ.
უცხო საქონლის შეძენაც ტყვეთა გადაცვლით ხდებოდა. ტყვეების გაყიდვა და უცხო ვაჭართა მიერ მოტანილ საქონელზე გადაცვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მრავლად მოგვეპოვება ცნობები სამეგრელოში ტყვეთა სყიდვასთან დაკავშირებით. რუსეთის მეფის მიხეილ თევდორეს ძის კარზე მყოფი საქართველოს ელჩი-მიტროპოლიტი ნიკიფორე 1639 წელს მასვე მოახსენებდა:
“სამეგრელოში არა მარტო მისი მფლობელი ლევანი ჰყიდის ადამიანებს, არამედ მამა-შვილს, ძმა-ძმას, ქმარი-ცოლს, ცოლი-ქმარს ჰყიდის და აქ ჩამოსულ ვაჭრებს საქონელში უცვლის“.
საყურადღებოა ცნობები, რომელსაც ფრანგი მოგზაური ჟან-ბატისტ ტავერნიე, გვაწვდის, რომელმაც აზიაში იმოგზაურა 1631-1633 წლებში:
„აქაური თავად-აზნაურობა ყოველთვის ეძებს შემთხვევას, რათა რისხვად დაატყდეს თავის ყმებს, რომ იპოვოს რაიმე საბაბი და გაჰყიდოს ისინი ცოლ-შვილიანად. ამავე მიზნით სტაცებენ შვილებს, ჰყიდიან საკუთარ შვილებს, ცოლსა და დედასაც კი. ერთ-ერთმა მათგანმა ერთხელ გაჰყიდა რამდენიმე ხუცესი, რომელთაც ზედ მიაყოლა თავისი ცოლი, რათა ამ გზით შეეძინა საშუალება შეყვარებული ახალი საცოლის გამოსასყიდად და საქორწინო ხარჯებისათვის. გემი ტყვეების საპყრობილე იყო. ტყვეებს, მათ შორის ყმაწვილებსაც, ყოველ საღამოს ჯაჭვით წყვილ-წყვილად აბამდნენ”.
გემებზე, რომელიც სამეგრელოს ნაპირზე მოადგებოდა, ვერაფერს ნახავდით გარდა ჯაჭვებით შებორკილი მონებისა და მშვილდ-ისრით შეიარაღებული თორმეტიოდე შიშველი, შიშის მომგვრელი ზედამხედველისა. არქანჯელო ლამბერტი ერთ ასეთ საყურადღებო ფაქტს აღგვიწერს:
“იყო ერთი უპირველესი დიდებულთაგანი ოდიშში, გვარად ჭილაძე, რომელიც შეჩვეული იყო ტყვეების გაყიდვასა და ამას ერთ წელიწადს თურქთა გემების მოსვლის დროს დასჭირდა ათი-თორმეტი ტყვე ოსმალებზე გასაყიდად, რათა სამაგიეროდ ეყიდა მათგან სხვა საქონელი, რომელიც სახლში სჭირდებოდა. ეს შეიტყვეს მისმა ყმებმა და თავს გაქცევით უშველეს, რათა ხელში არ ჩავარდნოდნენ მას და თავისუფლება არ დაჰკარგვოდათ, მაგრამ ხერხი იხმარა საჭირო კაცების მახეში გასაბმელად. გამოაცხადა, რომ ამა და ამ დღესასწაულს დიდებული წირვა უნდა გადავიხადოო და ერთ-ერთ კარის ეკლესიაში უნდა მოვიდნენ მღვდლებიო, რომელთაც წირვის შესასრულებლად უხვად დავასაჩუქრებ და მდიდრულ ნადიმს გავუმართავო; ამ ცრუ დაპირებამ შეაცდინა მღვდლები და დანიშნულ დღეს თორმეტი მღვდელი გამოცხადდა. მათ დიდებულად შეასრულეს წირვა, რომელსაც დიდი ღვთისმოსაობით დაესწრო ჭილაძე. წირვა რომ დამთავრდა და მღვდლებს იმედი ჰქონდათ, თავადი თავის დაპირებისამებრ დაგვასაჩუქრებს და ნადიმს გაგვიმართავსო, ჭილაძემ ეკლესიის კარები დაკეტა, ჯაჭვები მოატანინა, თორმეტივე მღვდელი ჯაჭვებში ჩასვა, თმები და გრძელი წვერები მოაპარცვინა და პირდაპირ წააყვანინა თურქთა გემებზე გასაყიდად“.
ამ მოვლენის ძირითადი მიზეზები უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა და საერთო მორალური დაქვეითება იყო. გლეხების გამუდმებული შიში გარეშე მტრებისა და საკუთარი ბატონების მიმართ, მათი უუფლებობა, სასოწარკვეთილი გლეხი თავისივე ხელით უსპობდა სიცოცხლეს თავის შვილს, მართლაც ეს იყო ყველაზე საზარელი პერიოდი ჩვენს ქვეყნის ისტორიაში.
#სამეგრელო #მეჩვიდმეტესაუკუნე #საქართველო #ტყვეთასყიდვა #საზარელიპერიოდი #ჩვენიქვეყნისისტორია #zugdididaily
“ნიუსფრონტისგან”: სავალალო ისტორიული ფაქტების, ციტატების და ჩანახატების ჩამოთვლის გაგრძელება კიდევ დიდ ხანს შეიძლება… სამარცხვინო “ტყვის სყიდვას” კი წერტილი, რამდენიმე ათწლეულის მანძილზე წარმოებული დიდი ბრძოლების შედეგად, რუსეთის იმპერიამ დაუსვა.
წყარო: feedc.com