ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასა. იგი აქამდე ამ ტერმინის გამოყენებას თავს არიდებდა.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„მე ამას გენოციდს ვუწოდებ, რადგან კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ პუტინს უნდა გაანადგუროს უკრაინელად ყოფნის იდეაც კი. მტკიცებულებების გროვა გვაქვს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა აიოვას შტატში ჟურნალისტებთან საუბრისას, მანამდე მან ეს ტერმინი სიტყვით გამოსვლის დროსაც გამოიყენა.
ბაიდენის განცხადებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„მოვლენებისთვის მათი რეალური სახელის დარქმევა აუცილებელია ბოროტებასთან გასამკლავებლად. მადლიერი ვართ აქამდე განხორციელებული ამერიკული მხარდაჭერისთვის და სასწრაფოდ გვჭირდება უფრო მეტი მძიმე შეიარაღება, რათა აღვკვეთოთ რუსული დანაშაულები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინელი მხარის თანახმად, რუსი სამხედროები მათ მიერ დაკავებულ დასახლებებში ომის დანაშაულს სჩადიან.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტროლი აღადგინა ქალაქ ბუჩაზე, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოსახლის ცხედარი, რომელთაც ხელები შეკრული ჰქონდათ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი შეპყრობის შემდეგ დახვრიტეს.
უკრაინის თანახმად, ვითარება სხვა ქალაქებში იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ბუჩაში იყო.
“ნეტგაზეთი”