ირაკლი კობახიძე – ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც მისაღები „ომის პარტიასთან“ ერთად ვიზიტი, მოცემულობა შეცვლილია, ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარისგან გუშინ მოისმინეს ძალიან საინტერესო და ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი გახდა „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაწყვეტილების საფუძველი, რომ შალვა პაპუაშვილი ჩავიდეს უკრაინაში.
კობახიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე.
„ყველა ვიყავით ჩართული, პრემიერიც იყო ჩართული ამ კონსულტაციებში და საბოლოო ჯამში გავიზიარეთ ჩვენ შალვას ინიციატივა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით. ბუნებრივია, ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ინტერვიუს, რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გახდა ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ, როგორც ხალხის, ისე სახელმწიფოს მიმართ და ამ კუთხით არის შალვა პაპუაშვილის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ბუნებრივია, ამ ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, უკრაინაში ვიზიტის დროს, შეხვედრებისას თუ იქნება დაყენებული ის სამი საკითხი, რაზეც თქვენ საუბრობთ, კობახიძის თქმით, არსებობს თემები, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების უფრო გაუმჯობესებას და ამ საკითხებზე იქნება საუბარი ვიზიტის ფარგლებში.
„ამ ვიზიტის მთავარი მიზანი მაინც, რა თქმა უნდა, იქნება სოლიდარობის გამოხატვა, თუმცა, ბუნებრივია, ყველა თემაზე იქნება ძალიან მეგობრული საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის ინტერვიუ აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს სხვადასხვა მიმართულებით.
„მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული საუბარი თავის კოლეგასთან უკრაინაში და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისთვის, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, „ოპოზიციის ნაწილი ერთმანეთს აბულინგებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში ეს შემადგენლობა მიდის. მაგალითად, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ სიყალბის მწვერვალია ასეთ დროს ამ შემადგენლობით უკრაინაში წასვლა, როგორ უპასუხებდით მათ“, – კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს უპირისპირდებიან და მათ საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გამოავლინეს.
ამავდროულად, კობახიძე ამბობს, რომ მოცემულობა უკვე შეცვლილია და ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში.
„კიდევ ერთხელ გამოავლინეს მათ საკუთარი თავი, ერთმანეთს უპირისპირდებიან, ყველა საბაბს პოულობენ ამისთვის, ყველა მოცემულობაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც მისაღები „ომის პარტიასთან“ ერთად ამ ვიზიტის განხორციელება, მოცემულობა არის უკვე შეცვლილი. ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ყველა დეტალი გადაიხედება ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, როგორც ჩამოაყალიბებს დელეგაციას.
„ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს არის შალვა პაპუაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. საპარლამენტო დელეგაცია აბსოლუტურად გასხვავებული ფორმატია და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი არის აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატი. როდესაც ხორციელდება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, ამ დროს დელეგაციას ადგენს თავად პარლამენტის თავმჯდომარე, მე არ მაქვს უფლება, ამაზე გაგცეთ პასუხი, ეს არის შალვა პაპუაშვილის პრეროგატივა.
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მიდის პარლამენტის სახელით სხვა ქვეყანაში, ეს არის უკვე პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია, რაც არის აბსოლუტურად განსხვავებული, სპეციფიური ფორმატი. პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, როგორ ჩამოაყალიბებს დელეგაციას.
როგორც არ უნდა ჩამოყალიბდეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია, ეს არ უზღუდავს არც ერთ პარლამენტარს არც ერთი პოლიტიკური ჯგუფიდან იმის საშუალებას, რომ თავადაც საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში, ოღონდ ჩვეულებრივი საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში გაემგზავროს უკრაინაში. უკრაინიდან გამოგზავნილია საერთო მოწვევა ზოგადად პარლამენტარებზე, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ორი სხვადასხვა დელეგაცია შედგეს“ – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან და დაუდასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზადყოფნა.
წყარო: newposts.ge