„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, საზღვაო კოდექსში მკვიდრდება ორი ტერმინი – „საზღვაო ნავსადგური“, რომელიც გეოგრაფიულ ობიექტს წარმოადგენს და „სანავსადგურე ერთეული“, რომელიც გულისხმობს, საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოქმედ დამოუკიდებელ სანავსადგურე ობიექტს.
ამავე კანონპროექტით, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა, განისაზღვრება სანავსადგურე ერთეულების უფლება – მოვალეობები ნავსადგურის შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით. კერძოდ, სანავსადგურე ერთეული პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა- პატრონობისა და ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფაზე.
მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა განმარტა, რომ ნავსადგურში ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ არხზე სანავსადგურე ერთეულებს თანაბარი უფლება და წვდომა ექნებათ.
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება და ის, რომ ამ სფეროში იყოს ჯანსაღი კონკურენცია. მოგეხსენებათ გადაზიდვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამიტომ ამ მიმართულების განვითარებისთვის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონპროექტიც“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.
განხილვაში მონაწილეობდნენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენლები. მათ მიერ გამოთქმული პოზიციებისა და შენიშვნების შესახებ კომიტეტი დამატებით იმსჯელებს მომდევნო სასესიო კვირამდე, როდესაც კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად.
კომიტეტმა, მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
“იმედინიუსი”