ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველია

მიხეილ ჩხენკელი – თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას.

თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიმართვაში, რომლსაც დედაენის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

– “ზუსტად 44 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველია. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს გახლდათ უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგნენ და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვა. დღეს უკვე თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას.

ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული ენის შესწავლის კუთხით ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსი და ქართული, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ენა ღირსეულად წარმოვაჩინოთ მთელს მსოფლიოში“ – აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციაში.

წყარო: 1tv.ge