პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები მკვლელობამდე შატალოვას უთვალთვალებდნენ, რისთვისაც წინასწარ ბინა იქირავეს

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულები მკვლელობამდე შატალოვას უთვალთვალებდნენ, რისთვისაც წინასწარ იქირავეს ბინა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულებმა ყველა საშუალება, რაც მათ ამოცნობაში გამოძიებას დაეხმარებოდა, მათ შორის, გარე განათების საშუალება გაანადგურეს.

„აღნიშნული საქმე არის კომპლექსური, გარდა იმისა, რომ განიხილება ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობა, ასევე განიხილება რამდენიმე დანაშაული, მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმა, რაც გამოიხატა ხელყუმბარის სროლით. შესაბამისად, ბრალდების მხარე დავკითხავთ მოწმეებს, რომლებიც საერთო ჯამში დაადასტურებენ ბექა ლატარიას მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.

საქმეში წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები. მათ შორის, ვიდეომასალა, რომელიც კომპლექსურ სიტუაციას ასახავს, თუ როგორ ვითარდებოდა მანამდე სიტუაცია, ასევე, არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ იქ, სადაც ცხოვრობდა ანასტასია შატალოვა, ბრალდებულებმა წინასწარ, იქირავეს ბინა, რათა მის მიმართ განეხორციელებინათ თვალთვალი, ასევე, წარმოდგენილია კონკრეტული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს მანქანებით თვალთვალს ანასტასია შატალოვას გადაადგილების. ასევე, წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ბილოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სატელეფონო კოუნიკაციის მომსახურე ანძები, რომელიც ადასტურებს კავშირებს, ადგილმდებარეობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებმა წინასწარ იქირავეს ბინა, ანასტასია შატალოვას უთვალთვალებდნენ, ამავდროულად, მათ ის საშუალებები, რომელიც ხელს შეუშლიდა, ან ამოცნობაში დაეხმარებოდა გამოძიებას, წინასწარ მოახდინეს მათი განადგურება. ბექა ლატარია გახლდათ ის, ვინც გარე განათების საშუალება გაანადგურა, განზრახ მკვლელობისთვის შექმნეს პირობები”, – განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

 

“რეზონანსი”