„ამ ნაგვისგან საქართველოს გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სახალხო რევოლუციით“ – 26 მაისს დაზარალებული

როდესაც 2011 წლის 26 მაისის აქციებში ვმონაწილეობდი, არ დამვიწყებია ნინო ბურჯანაძის წარსული.

„ვარდების რევოლუციის“ საკვანძო ფიგურა, რომლის გარეშე 2003 წლის გადატრიალების ლეგიტიმაცია ვერ მოხდებოდა – სწორედ ნინო ბურჯანაძემ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, განახორციელა ძალადაკარგული, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო, საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც სააკაშვილს გაუხსნა გზა თითქმის დიქტატორული უფლება-მოსილების მქონე პრეზიდენტის თანამდებობისკენ. ასევე ნინო ბურჯანაძე იყო ის ფიგურა, რომელმაც 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხელმეორად „გაუპრავა“ სააკაშვილს სიყალბით მოპოვებული გამარჯვება.

დიახ, ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ნინო ბურჯანაძეს იმ მომენტში უკვე ჰქონდა პირადი დაპირისპირება სააკაშვილთან, მჯეროდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, იგი შურს იძიებდა ბოროტების სიმბოლო რეჟიმზე. ყველაფრის მიუხედავად, ქალბატონი ნინო ტრადიციული ქართული ოჯახის წარმომადგენელია, ასეთივე ოჯახის დედაა და ეს ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის (ისევე, როგორც ბევრი ჩემი თანამებრძოლისთვის).

ასე რომ, 26 მაისს მეც, სხვებთან ერთად, ბოლომდე გულით ვიდექი აქციაზე, მივიღე სხეულის მძიმე დაზიანებები, რომელთა შედეგებს დღემდე ვიმკი ჩემი ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობით… არც ამას ვინანებდი არანაირად, იმაზეც თვალს დავხუჭავდი, რომ ქალბატონმა ნინომ, თავის ამალასთან ერთად, მიგვატოვა ბრძოლის ველზე, მაგრამ იმას ვერ შევეგუები, რომ დღეს, 2020 წელს, მას ჩვენს ჯალათებთან ერთად ვხედავ გაღიმებულს, კმაყოფილს, ვითომც არაფერი ყოფილა – ისე მიდი-მოდის ეს ქალბატონი ბოკერიასთან, ვაშაძესთან, უგულავასთან, მელიასთან…

თუმცა მე რას ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ საქციელით თავად ბურჯანაძემ დაუსვა თავის პოლიტიკოსობას წერტილი. იგი არავისთვის არის მისაღები – არც ძველი „მიშისტები“ აპატიებენ რამეს და აწი არც მიშიზმთან მებრძოლებთან მიესვლება ამ ქალბატონს.

ამ ცნობილ ფოტოზე მარცხნივ, სპეცრაზმელის ყვითელ ჩექმებთან – მიხეილ აფციაური.

 

მაგრამ ნინო ბურჯანაძე არ არის პრობლემა, პრობლემაა „ქართული ოცნება“ და მის მიერ უსასრულოდ გაწელილი, დასავლეთის მიერ თავს მოხვეული „კოჰაბიტაცია“. რას წარმოვიდგენდი, თუ 2012 წელს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მოსული ხელისუფლება ასეთ ფსევდოსახელმწიფოს ააშენებდა და ფაქტობრივად, ყველაფერს ძველებურად დატოვებდა, სააკაშვილის კურსს გააგრძელებდა ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, რუსეთთან ურთიერთობებში, ეკლესიასთან თვალთმაქცურ, ვითომ კარგ დამოკიდებულებაში… რას წარმოვიდგენდი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სასამართლოში მომიწევდა სარჩელის შეტანა, ჩემი, როგორც 26 მაისს ოფიციალურად დაზარალებულად აღიარებული მოქალაქისთვის, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მოპასუხე ახალაიებისგან და მერაბიშვილებისგან გათავისუფლებული შსს იქნებოდა… საბედნიეროდ, შესანიშნავი ადვოკატის, ლაშა გოლუბიანის დახმარებით, სასამართლომ დაადასტურა ჩემი დაზარალებულობის ფაქტი, შსს-ს დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, მაგრამ უარი მითხრა იმ მატერიალური ხარჯების დაფარვაზე, რომლის გაღებაც მე მომიწია 26 მაისის შემდეგ. აქვე აღვნიშნავ, ჩემთვის თანხის ოდენობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა; გადამწყვეტია პრინციპი, რომ ბოლომდე იქნას აღიარებული სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რაზეც პასუხისმგებელი სახელმწიფოა, როგორც ასეთი. ფულს რაც შეეხება, არც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფული მჭირდება – დააყრევინონ თანხები მულტიმილიონერ „ნაცებს“ და ყველა პოლიტპატიმარი, ყველა დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება, იმდენი აქვთ ნაცებს მოპარული.

მაგრამ არა, არ დაადგა ამას საშველი, არ სურს ივანაშვილს სამართლიანობის აღდგენა – რაც მთავარია, მან თავის თავს აღუდგინა ყველა ფინანსური პრივილეგია, რომელიც მას სააკაშვილმა წაართვა 2012 წლის არჩევნების წინ, რამდენიმე თვით.

ეს არის დღევანდელი „ქართული ოცნების“ მავნებლური, მოჩვენებითი სახე. ეს არის ივანაშვილის საქართველო, რომელიც აფასებს მლიქვნელობას, უპრინციპობას, უმადურობას, დამსმენობას, ღალატს. ამ ნაგვისგან საქართველოს გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ საერთო-სახალხო, ნამდვილი ეროვნული რევოლუციით. იმედია, ეს დღეც დადგება.

 

მიხეილ აფციაური