“ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მეგობრების ყოფნა უკრაინაში” – ხატია დეკანოიძე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მეგობრების ყოფნა უკრაინაში. უკრაინაში წასვლა არწასვლა არ უნდა იყოს მთავარი თემა. ვისაც უნდა ჩავიდეს, ვისაც უნდა, არ ჩავიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

შეკითხვაზე, ვინ მასპინძლობდა „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრაინაში, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამოჩნდება. „გამოჩნდება, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოძემ დადებითად შეაფასა საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი და განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ეს ვიზიტი ორმხრივ თანამშრომლობაში აისახება.

„ჩემი ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება იყოს, ასეთია – კარგია, როდესაც პარლამენტის წარმომადგენლობა უკრაინაში ჩადის. კარგი იქნება, თუ ეს ვიზიტი აისახება ორმხრივ თანამშრომლობაში და არ გაგრძელდება ის, რაც სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ, ისევ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, მართალია, საქართველო სანქციებზე ნაწილობრივ მიერთებულია, მაგრამ არ ესმის, რატომ ამბობს შალვა პაპუაშვილი, რომ ახალი სანქციების რესურსი არ არსებობს. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით პარტიას კანონპროექტი ექნება.

„ჩვენ სანქციებზე ნაწილობრივ მიერთებული ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მივუერთდეთ სანქციებს, როგორიც არის კონკრეტულ პირებზე სანქციების დადება, მაგალითად, დუმის ყველა დეპუტატზე, ვინც მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე. ეს არის მრავალმხრივი სანქციები. შესაბამისად, საუბარია იმაზე, რომ ასეთი სანქციების დაწესება, შესაძლებელია. ამიტომ მე არ მესმის, რატომ ამბობს პაპუაშვილი, რომ ახალი სანქციების რესურსი არ არსებობს. არსებობს და ჩვენ ამაზე კანონპროექტი გვექნება“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტისას მათ შორის სანქციების საკითხიც განიხილეს. მისივე თქმით, უკრაინისთვისაც და ქართული მხარისთვისაც მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა. მისივე თქმით, უკრაინის უმაღლეს რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გულახდილად აღინიშნა, რომ ორმხრივი სანქციების კუთხით, საქართველოს არ აქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოახდინოს რუსეთის გადაწყვეტილებებზე.

წყარო: newposts.ge