სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილიდან მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
თბილისის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თაღების გამაგრება, ფასადების დამუშავება, სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაგება, ტროტუარების განახლება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთება, ასევე ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირების იერსახე უცვლელად განახლდება.
ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 18 აპრილიდან, მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბესკო“ შეასრულებს. სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
წყარო: 1tv.ge