რუსეთის დეფოლტი მძიმე გამოცდა იქნება ევროპის ეკონომიკისთვის, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი სანქციების გამო სავალო ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.
“რუსეთის დეფოლტი შეიძლება გადაიქცეს ევროპის დეფოლტად, როგორც მორალური, ასევე, სავსებით სავარაუდოა, მატერიალური კუთხით”, – დაწერა მედვედევმა ტელეგრამის არხზე.
მედვედევმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღარ მალავს თავის ნამდვილ მიზანს, რომელიც არის არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, არამედ რუსეთისთვის პრობლემების შექმნა.
“ევროპელმა დეიდა ურსულამ ტექსტების გამოცემა აქტიურად დაიწყო. მათი მთავარი მიზანი არა მშვიდობის მიღწევა და ადამიანების ტანჯვის დასრულება, არამედ რუსეთის დეფოლტია. ისინი დაქანცულ ადამიანებზე და უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულებაზე არ ფიქრობენ”, – აცხადებს მედვედევი.
ის ასევე მოუწოდებს ევროკომისიას დაელოდნენ ევროპელების უკმაყოფილებას ჰიპერინფლაციის გამო, რაც მოკლე პერიოდში მოსალოდნელია.
“ასეთ შემთხვევაში ბრიუსელში დეიდებს და ბიძიებს რიტორიკის შეცვლა მოუწევთ. შემდეგ კი მოვლილ ევროპულ ქალაქებში საბურავების კოცონის სუნი დადგება, ისევე როგორც მაიდანზე”, – აცხადებს მედვედევი.
ცნობისთვის, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ფინანსური რეზერვებით უსასრულოდ ვერ იარსებებს.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსებმა ომში 20 600 სამხედრო დაკარგეს.