გახარია ფიქრობს, რომ კორონავირუსს “მართავს”, მაგრამ მაინც მსოფლიოს იმედად რჩება

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ მთავრობას შეუძლია არა მარტო ქვეყნის, არამედ ვირუსის მართვაც. ამასთან, იგი მაინც ელის მომენტს, როდესაც “მსოფლიო შეთანხმდება” იმაზე, რომ “პანდემია დამარცხებულია. საინტერესო ციტატი მისი გუშინდელი გამოსვლიდან, რომელიც ჩვენი პრემიერმინისტრის აზროვნების სუსტ და ძლიერ მხარეებს წარმოაჩენს:

ჩვენ რომ ვირუსს ვმართავთ, არ გვაქვს ინფიცირებისა და გარდაცვალების ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც სხვა ქვეყნებს, ამის ფასი, ძალიან შემცირდება, თუ კიდევ ერთხელ მოგვიწია მსგავსი შეზღუდვები. ამაში გადავიხადეთ უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ფასი. ჯერ ჩვენ ეს ეკონომიკური ფასი არ გადაგვიხდია. არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, რომ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში სრული კარანტინი არ გამოცხადებულა. მაშინაც, როცა ქვეყანაში იყო საგანგებო მდგომარეობა, სისტემური სამრეწველო კომპანიები მუშაობდნენ, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი დღით არ გაჩერებულა.

მეტსაც გეტყვით, მარნეული და ბოლნისი როცა ჩაკეტილი იყო, საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობდა, ჩვენი ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებსაც აწარმოებდნენ და პირველი მოსავალი როცა მიიღეს, შევძელით და გამოვიტანეთ. ჩვენ ქვეყანაში შუქი არ ჩაგვიქვრია, არ გაგვიკეთებია ისე, რომ ჩვენი მოქალაქის გარეთ, ქუჩაში გამოსვლა შეგვეზღუდა – მხოლოდ კომენდანტის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე.

ეკონომიკაში ეს ჟანგბადი ჩვენ დავტოვეთ იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდით ბალანსზე. ეს ოქროს შუალედი, ბალანსი არის წარმატების გასაღები. საბოლოო ჯამში, ეს ბალანსი მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როდესაც მსოფლიო პანდემიას დაასრულებს და გაიმარჯვებს, საბოლოო შეფასებები იქნება, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენისთვის, ვინ რამხელა ეკონომიკური ფასი გადაიხადა. ეს იქნება შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი და მარტივად, ეს იქნება ეფექტურობის მაჩვენებელი, რესურსის მაჩვენებელი პოსტპანდემიურ ეპოქაში და გლობალურ კონკურენციაში, ვინ უფრო მზად იქნება, სწრაფად აღადგინოს მისი ეკონომიკური პოტენციალი. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი – როდესაც მსოფლიო შეთანხმდება, რომ დავამარცხეთ პანდემია, რა ფორმაში იქნება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.