რუსი სამხედრო ჟურნალისტი ალექსანდრ სლადკოვი, რომელიც დონეცკის რესპუბლიკის მებრძოლების მხარდამხარ მიიწევს წინ, მარიუპოლის სრულად გაწმენდის მიზნისკენ და რომელმაც არაერთი უნიკალური ვიდეო- თუ ფოტომასალა მოამზადა, თავის ტელეგრამ-არხზე (“Сладков+”) საკუთარი კომპეტენტური აზრი გამოაქვეყნა, თუ როგორ ვითარდება და, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს, 19 აპრილს დაწყებული ახალი რუსული შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში. გთავაზობთ ამ მოსაზრებას:
ჯერ ერთი, დონბასისა და რუსეთის ჯარების დაჯგუფებები დონეცკის ბასეინის არეალში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებიდან ამოძრავდნენ. თითოეულმა მხარემ, სულ მცირე, 10 კილომეტრი მაინც გაიარა. ჩემი აზრით, ეს არის გასავლელი გზის ყველაზე რთული მონაკვეთი, როდესაც წინ მიმავალი ჩვენი ჯარები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნაცისტებს მათ მიერ დაკავებული და გამაგრებული პოზიციებიდან აძევებენ.
თუკი ვისაუბრებთ დონეცკის დიდი “ქვაბის” [ალყის] წარმოქნის შესახებ, გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ ნახსენებ ორ ძირითად დაჯგუფებას შორის ას კილომეტრზე ოდნავ მეტი დარჩა. თუკი ისინი შეერთდებიან, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ უკრაინის ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ჯარები ერთ დიდ “ქვაბში” აღმოჩნდებიან, რაც მათთვის დაღუპვის ტოლფასია.
შემდეგ, კლასიკურად მოხდება დონეცკის “ქვაბის” დანაწევრება ცალკეულ მონაკვეთებად (დავუშვათ, პესკოვსკის, ავდეევკის, კრამატორსკის და სხვ.). რისთვის? – იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს დიდი “ქვაბის” შიგნით არ მიეცეს მანევრირების საშუალება, თავდაცვის ხაზების გაძლიერება ცოცხალი ძალისა და შეიარაღების გადაჯგუფების საშუალებით და ა. შ.
რაც შეეხება ამ “ქვაბის” დონეცკის ნაწილს – იგი თითქმის არ მიიწევს წინ. აქ შეკრებილ ჩვენს ძალებს სხვა ამოცანა აქვთ დასახული – არ დაუშვან მოწინააღმდეგის შემოჭრა თავად ქალაქ დონეცკში. [უკრაინელებს] შეუძლიათ, სოლისებურად დაეწყონ და ტარანზე წამოვიდნენ. აქ უკვე ყველაფერი დამოკიდებული იქნება წინასწარი მოქმედებების ხარისხზე: შეძლებს თუ არა [ჩვენი] დაზვერვა მონაცემების დროულად მოწოდებას, შეძლებენ თუ არა [ჩვენი] არტილერისტები, რეაქტივისტები, მერაკეტეები და მფრინავები გადაჯგუფების პროცესში მყოფი მოწინააღმდეგისთვის დროული დარტყმების მიყენებას. თუ ეს შეძლეს – კარგია.
მარიუპოლი. “აზოველები” აქ ეშმაკობენ, დროს წელავენ, ცდილობენ სიბრალულის გამოწვევას, აპელირებას აკეთებენ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე. უნდა ითქვას, რომ [ჩვენი] ცენტრი მზადყოფნას ავლენს ამ ინიციატივებზე, რომლებსაც მხარს დასავლეთიდან წამოსული კვნესა უბამს. ნაცისტებს დღეს [19 აპრილს] იმის შესაძლებლობაც მისცეს, რომ რამდენიმე საათით დაესვენათ სროლებისგან, დაემატებინათ საბრძოლო მასალა საყრდენ წერტილებში, ჩაეტარებინათ თათბირები, გამოემუშავათ ახალი გადაწყვეტილებები თავდაცვის შემდგომ ნაბიჯებზე.
თუმცა ისიც მართალია, რომ სამოქალაქო პირები, 120 ადამიანი, ნამდვილად გამოვიდა – ოღონდ არა “აზოვსტალის” სარდაფებიდან, არამედ მუშათა საცხოვრებელი სახლებიდან, რომლებიც კომბინატის ტერიტორიის გვერდით დგას. საინტერესოა, ჩვენ, როდესაც სამრეწველო ზონის ბლოკირება მოვახდინეთ და ამის შესახებ გამოვაცხადეთ, ნუთუ არ გავწმინდეთ გარშემო მდებარე ყველა სახლი? და თუ გავწმინდეთ, რატომ უფრო ადრე არ გამოვიყვანეთ ადამიანები იქედან? ეს უბრალოდ კითხვაა.
მაშ ასე, ჩვენ სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს, ბრძოლა მას შეუძლია, დანებება არ სურს, საომარი მოქმედებების თეატრი რთულია, გადახლართული, მაგრამ… ჩვენი “რკინის კასკები” ანუ რეზერვისტები, ომის ნამდვილ მხეცებად ყალიბდებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მებრძოლებზე, რომლებმაც მოწინააღმდეგესთან რაოდენობრივი თანაფარდობის პირობებში მოახერხეს უზარმაზარი ქალაქის დაკავება მხოლოდ ერთ თვეში (შედარებისთვის: მარიუპოლი, [თავის შემოგარენიანად], 600-ათასიანი ქალაქია, გროზნო კი მხოლოდ 300-ათასიანი).
რა თქმა უნდა, გვინდა, რომ დონბასში ეს ყველაფერი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს, მაშინ შეიძლება გზის გაგრძელება წინ, მაგრამ ჩვენი ბიჭების დაჩქარება უზნეობა იქნებოდა. ისინი ისედაც იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა შეძლებდა ამის გაკეთებას”. – წერს ალექსანდრ სლადკოვი.